ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, შპს კომპანია ბლექ სი გრუპი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა გზების მშენებლობის სფეროში. ის სახელმწიფო ტენდერებიის ერთ-ერთი ლიდერია.
“კომპანია ბლექ სი გრუპი 2011 წლიდან ჩნდება ელ.ტენდერებში, როგორც ირკვევა მას 200-ზე მეტ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. კომპანიას სახელმწიფო ტენდერების გზით ჯამში 489 994921 ლარი აქვს მიღებული, 9 წლის განმავლობაში. აქედან, 80 მლნ. ლარზე მეტი (84 310 547 ლარი) კომპანიამ პირდაპირი შესყიდვის გზით მიიღო.
2011-2020 წლებში კომპანია ბლექ სი გრუპმა სულ 343 ელ.ტენდერში მიიღო მონაწილეობა, აქედან, მხოლოდ 76 შემთხვევაში გახდა გამარჯვებული, 22 შემთხვევაში კი ტენდერი უკონკურენტო გარემოში ჩატარდა. კომპანიამ 171 162 829 ლარის ღირებულების ხელშეკრულება უკონკურენტოდ მიიღო”,– აცხადებს ფლანგვის დეტექტორი.
მათივე ცნობით, კომპანია ბლექ სი გრუპის დამფუძნებლები არიან ამირან მამუჭაძე და გიორგი კალანდაძე. ამირან მამუჭაძე არის ასევე ამ კომპანიის დირექტორი, ხოლო კომპანიის წილის მფლობელები არიან შპს ბლექ სი როუდი და გიორგი კალანდაძე. გიორგი კალანდაძე დეპუტატ ბექა ოდიშარიას ბიზნესპარტნიორია. გიორგი კალანდაძე კომპანია “შპს ძველი დედაქალაქის” 90%-იანი წილის მფლობელია, ბექა ოდიშარია კი 10%-ის. დეპუტატი ბექა ოდიშარია ქართული ოცნების შემომწირველია, მას ჯამში 100,000 ლარი აქვს შეწირული მმართველი პარტიისთვის.
რაც შეეხება, კომპანია ბლექ სი გრუპის დირექტორს, ამირან მამაუჭაძეს, ის ირიბად არის დაკავშირებული პარტია ქართულ ოცნებასთან. ამირან მამუჭაძის ოჯახის წევრები (ძმა და მამა) მმართველი პატიის შემომწირველები არიან.
ამირან მამუჭაძის ძმა ნუგზარ მამუჭაძე კომპანია ბლექს სი გრუპის 75% წილის მფლობელი ბლექ სი როუდის ყოფილი პარტნიორია. მან 2016 წლის 26 დეკემბერს 50,000 ლარი შეწირა მმართველ პარტიას. ქართული ოცნების შემომწირველია ასევე გურამ მამუჭაძეც, ამირან და ნუგზარ მამუჭაძეების მამა. გურამ მამუჭაძემ უკვე ერთი დღის შემდეგ, 2016 წლის 27 დეკემბერს 50,000 ლარი შეწირა მმართველ პარტიას. ამირან მამუჭაძის ოჯახის წევრებმა ჯამში 100,000 ლარი შეწირეს პარტია ქართულ ოცნებას.