“ოცნება” მედიებისთვის ახალ კანონპროექტს აანონსებს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, დააინიციირებენ მედიის კანონს, რომელიც “მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს” დაადგენს. მდინარაძე აცხადებს, რომ ამ კანონით აიკრძალება მედიასაშუალების უცხოური წყაროებიდან დაფინანსება.

“მუშაობას დავიწყებთ ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს

ხვალიდანვე დავიწყებთ მუშაობას. ძალიან ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ BBC-ის სტანდარტად წოდებული ე.წ. ნორმები ეს არის მოქმედი ნორმები ბრიტანეთში დღეს – ამ შემთხვევაშიც, ბრიტანულ ნორმებთან შესატყვის და შესაბამის კანონმდებლობას შემოვიტანთ ქართული მედიაბაზრისთვის, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების სიცრუისგან დაცვა, უცხოური ჩაურევლობის გარანტიები ავიღოთ მაქსიმალური და ეს იქნება ანალოგიური როგორც ბრიტანული კანონმდებლობა”. – თქვა მდინარაძემ