სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის დაპირება კომუნალური გადასახადების განახევრებასთან დაკავშირებით, “ცოტა გადაჭარბებულად ნათქვამი იყო”.
“ქართული ოცნების” მთავრობა თავის დროზე, 2012 წელს დაპირდა კომუნალური გადასახადების განახევრებას, თუმცა როგორც ჩანს, ეს მართლაც ცოტა გადაჭარბებულად ნათქვამი იყო. მაგრამ დაპირება დიდწილად შესრულდა, როცა 2015 წელს ზოგიერთი კომუნალური გადასახადის შემცირება მოხდა, მაგალითად, ელექტროენერგიის. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ენერგიის მოხმარება იზრდება და მეორე მხრივ, ადგილობრივი გენერაციის ობიექტები სწრაფად ვერ შენდება, გარკვეული საპროტესტო აქციების და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, საქართველო დამოკიდებული ხდება მეზობელ ქვეყნებზე”,– აცხადებს ნარმანია TV პირველთან საუბრისას.
მისივე თქმით, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასის ზრდაზე ლარის კურსი ცვლილება მოქმედებს.
ცნობისთვის, ქართული ოცნების მაშინდელი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ კომუნალური გადასახადების ფასი განახევრდებოდა, თუმცა მალევე საკუთარ დაპირებას გადაჭარბებული უწოდა.
დღეს თბილისში გაზი 8 თეთრით გაძვირდა. მომხმარებლებს 1 კუბურ მეტრ გაზში ნაცვლად 46,1 თეთრისა, 53.9 თეთრის გადახდა მოუწევთ.
ნარმანიას განმარტებით, თბილისი ენერჯის 20 მილიონ ლარზე მეტი ზარალი დაუგროვდა, რაც კურსთა შორის სხვაობით იყო გამოწვეული, ახლა კი “წელში გასწორდება”.