პარლამენტის წევრის მიერ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის არგავლა, მის დასანქცირებას იწვევს.
რეგლამენტით გათვალისწინებული ეს პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრს კალენდარული თვის განმავლობაში ოთხზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში ეკისრება.
გამონაკლისია შემთხვევა, და დეპუტატი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ სანქცირდება თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო პარლამენტის სხდომას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში რომელიმე რეგისტრაციას არ გაივლის, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაში ხელფასის 5% (მაგრამ არაუმეტეს დღის განმავლობაში 10%-ისა) დაუკავდება.
პარლამენტში დღესაც ვერ უყარეს კენჭი მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. კვორუმი ისევ არ შედგა, რადგან, ისევ “ქართულმა ოცნების” დეპუტატებმა არ გაიარეს რეგისტრაცია.
საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა.
“კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს, აქედან გამომდინარე, დღესაც, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობა არ გაივლის რეგისტრაციას”, – თქვა დღეს “ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ.
ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა, გუშნ 18 აპრილსაც, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ თქვა – “მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე… ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ”.
ცნობისთვის, მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა ოპოზიციამ მას შემდეგ დააყენა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხი მოსამართლე – ლევან მურუსიძე, ვალერიან ცერცვაძე, ირაკლი შენგელია და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.