აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ თუ პარტიების პოლიტიკური სურვილი იარსებებს, ისინი შეთანხმებას შეძლებენ.
მისი თქმით, პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, ჯანსაღი არ არის.
„მიუხედავად იმისა, რომ პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მცდელობის ნაკლებობა არ ყოფილა, პარტიები ძალისხმევას არ იშურებდნენ. მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას, თუკი იარსებებს პოლიტიკური სურვილი, რომ პარტიები წავიდნენ გაბედულ კომპრომისზე. მხარს ვუჭერ ამ კრიზისის დაუყოვნებლივ მოგვარებას, რადგან ვფიქრობ, საქართველოს აქვს სერიოზული გამოწვევები, რომელზეც უნდა გადაიტანოს ყურადღება.
თუმცა კარგად გვესმის, რომ ქართული საზოგადოება გაყოფილია და შეერთებული შტატების ღრმა რწმენაა, რომ პოზიციების შეჯერების ადგილი პარლამენტშია. პარლამენტის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, განიხილონ საკითხები და მიიღონ კანონმდებლობა მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რაც საქართველოს ასე ძალიან სჭირდება დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე. პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი, ეს არ არის ის, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა გასულ ოქტომბერში“, – განაცხადა კელი დეგნანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.