პარლამენტმა ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

1 მომხრე და 64 წინააღმდეგი – პარლამენტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და მოტივირებული შენიშნვნები არ გაიზიარა. ვეტოს დაძლევის შემდეგ კი კენჭი უყარეს კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას, რომელსაც მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები “ქართულმა ოცნებამ” დააინიცირია და დაჩქარებული წესით განიხილა. ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები წესდება:

  1. აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;
  2. აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;
  3. საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.

თუ პრეზიდენტი კანონს არ გამოაქვეყნებს, ის ხელმოსაწერად გაეგზავნება პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელიც კანონს ხელს მოაწერს და 5 დღეში გამოაქვეყნებს.

სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო 3 მაისს დაადო.