პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით სხდომაზე გაიტანა და ჩააგდო.
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით, 76 დეპუტატის ხმით 7 მარტს მიიღო. თუმცა მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მისი მეორე მოსმენით ჩაგდება, ხოლო მეორე – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა გადაწყვიტა. ამასთან, პარლამენტმა ორივე დოკუმენტი უკვე გამოითხოვა ვენეციის კომისიიდანაც. 7-8 მარტს გამართულ აქციებზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავდა ათობით ადამიანი. სამართალდამცველებმა კი 133 პირი დააკავეს, რომელთაგან ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გუშინ გათავისუფლდა.