ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ახალ მენეჯმენტს შიდაპარტიულ რეპრესიებში ადანაშაულებს. მელიას განცხადება ფეისბუქზე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრების პრესკონფერენციას მოყვა, რომლებმაც თქვეს, რომ ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სიიდან მელიას მხარდამჭერები ამოიღო:
“მაშინ როდესაც პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა საუბრობს ერთობაზე და ამტკიცებს, რომ პარტიის კარები ღიაა ყველასათვის, ვისაც უნდა ბრძოლა ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს!
იწყებს რეპრესიას დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს, ღიად მიუთითებს, რომ მათთვის არ არიან მისაღები ადამიანები, რომელთაც აქვთ პოზიცია, აჩვენებს ყველას, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ მორჩილება.
ამ ყველაფრით კი ბათუმში ფაქტობრივად ხალხს აგდებენ პარტიიდან, ხალხს, რომელიც 10 წელი ოპოზიციიდან დაუღალავად იბრძოდა და გაიმარჯვა ბათუმში!
ეს ხალხი იბრძოდა ღირსებით და იბრძოდა სიმართლისათვის, ოლიგაქიული რეჟიმის წინააღმდეგ.
ეს ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩვისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაქსაქსვისა და დაზარალებისაკენ ვერ დარჩება უპასუხოდ!
საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, ამისათვის კი ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ღირებულებითი არჩევანი და ვიაროთ ღირსებისა და სიმართლის გზით, მხოლოდ ეს გზა დაამარცხებს ოლიგარქიას და ავტოკრატიას, მხოლოდ ამ გზას შეიძლება მივყავდეთ მომავლისკენ!„– დაწერა მელიამ ფეისბუქზე.
ბათუმის ორგანიზაციაში პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვენ. მიზეზი საკრებულოს სიის კორექტირებაა. გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ხაბეიშვილმა საკრებულოს სიიდან ის დეპუტატები ამოიღო, რომლებიც ნიკა მელიას უჭერდნენ მხარს.
“ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს წინასაარჩევნო დაპირების შესრულებით, მას ჰქონდეს უწყვეტი საპროტესტო აქციები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ის მუშაობდეს აქტიურად ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე, პასუხობდეს სხვა გამოწვევებს, რაც არის ქვეყანაში, წამლებს არ ყიდულობს რუსული ოცნება ჩვენი გადახდილი ფულით ბავშვებისთვის, ევროპასთან კიდევ უფრო მეტი დაშორება გვაქვს და საშინელ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა. ამ დროს იცლის იმისთვის, ნაცვლად ამ საკითხების გადაწყვეტის, ცვლის ბათუმელების ნებას. ლევან ხაბეიშვილს ამისთვის მარტივი ხელმოწერა დასჭირდა, და სიიდან ამოიღო ლევანი, როინი, ელიზა და შორენა აბაშიძე. მე მიმაჩნია, რომ წარმოუდგენლად ცუდი რამ მოხდა და ნაციონალური მოძრაობა არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს”, – თქვა გიორგი კირთაძემ.
ენმ-ს წევრმა, ნოდარ დუმბაძემ თქვა, რომ ახალი მენეჯმენტის მიზანია ბათუმში ფრაქციის თავმჯდომარე შეიცვალოს.