პენტაგონი უკრაინის კონტრშეტევაზე აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას იძიებს

საერთაშორისო მედია The Guardian-ის ცნობით,  აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გაჟონვის აქტზე, რომლებიც სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე, მათ შორის,  Twitter-ზე გავრცელდა და დეტალურად აღწერს აშშ-სა და ნატო-ს მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილ დახმარებას.გამოცემის ცნობით, საიდუმლო დოკუმენტები გავრცელდა Twitter-სა და Telegram-ზე და, გავრცელებული ინფორმაციით, შეიცავს სქემებსა და დეტალებს იარაღის მოსალოდნელი მიწოდების, ბატალიონის სიძლიერისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, Reuters-ს განუცხადეს, რომ დოკუმენტები, როგორც ჩანს, გადაკეთებული იყო რუსების მიერ ომში განცდილი მსხვერპლის რაოდენობის შემცირების მიზნით.

  • „ჩვენ ვიცით სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ანგარიშების შესახებ და დეპარტამენტი განიხილავს საკითხს”, – თქვა საბრინა სინგმა, პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ. 

დოკუმენტები დათარიღებულია 2023 წლის 23 თებერვლიდან 2023 წლის 1 მარტამდე და გრიფით „საიდუმლოა“.

საუბარია დოკუმენტებზე, რომლებიც დეტალურად ასახავს აშშ-ისა და ნატოს მიერ უკრაინის არმიის მომზადებას კონტრშეტევისთვის. NYT-ის ცნობით, დოკუმენტები არ შეიცავს სამხედრო ოპერაციების კონკრეტულ გეგმებს – როგორ, როდის და სად აპირებს უკრაინა შეტევის დაწყებას. თუმცა, დოკუმენტებში საუბარია უკრაინის არმიის საჭიროებებზე 1 მარტის მდგომარეობით.

გამოცემა წერს, რომ გავრცელებულ დოკუმენტებში ნახსენები HIMARS საბრძოლო მასალის მოხმარების დონე.  ერთ-ერთ ფოტოზე ნაჩვენებია, რომ ომში 16-დან 17,5 ათასამდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, უკრაინამ კი, სავარაუდოდ, 71,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. პენტაგონის შეფასებით, რუსეთის ფედერაციამ გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა და თითოეული მხრიდან დაახლოებით 200 000 ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.

ანალიტიკოსებმა განუცხადეს NYT-ს, რომ ზოგიერთი დოკუმენტი გამოიყურება ავთენტურად და შეუძლია რუსეთს მიაწოდოს ღირებული ინფორმაცია იარაღისა და ჯარების მიწოდების გრაფიკის, ფორმირებული უკრაინული შენაერთების რაოდენობისა და სხვა სამხედრო დეტალების შესახებ.

NYT-ი წერს, რომ  დოკუმენტში არის ინფორმაცია უკრაინის სამხედრო ნაწილების, აღჭურვილობისა და წვრთნების შესახებ იანვარ-აპრილის განრიგით.

“დოკუმენტი შეიცავს შეჯამებას 12 საბრძოლო ბრიგადის შესახებ, რომელიც ამჟამად იქმნება, რომელთაგან 9, როგორც ჩანს, გაიწვრთნა და ამარაგებს აშშ-სა და ნატოს სხვა მოკავშირეების მიერ. ამ 9 ბრიგადადან, დოკუმენტების მიხედვით, 6 31 მარტამდე იქნება მზად, დანარჩენი კი 30 აპრილამდე”, – წერია სტატიაში.