პერის ჰილტონის 4 საქორწილო კაბა

ხუთშაბათს რეალითი შოუების ვარსკვლავი და 2000–იანების საკულტო პერსონა პერის ჰილტონი ბიზნესმენ კარტერ რეუმზე გათხოვდა. ქორწილი მისი გარდაცვლილი ბაბუის, ბარონის მამულ ბელ–ეირში გაიმართა. სასიძომ ცრემლები ვერ შეიკავა, როცა საცოლე Oscar de la Renta–ს კაბაში დაინახა. მართალია ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პერისმა კაბა ბოლო მომენტში შეარჩია, მაგრამ ეს ამბავი ჭორი აღმოჩნდა. მართალია კაბა მას ცერემონიის დაწყებამდე 11 საათით ადრე მიუტანეს, მაგრამ არჩევანი ბევრად ადრე გააკეთა.

“რამდენიმე თვე დავხარჯეთ იმისათვის, რომ ჩემი კაბა სრულყოფილებამდე მიგვეყვანა Oscar de la Renta–ს დიზაინერებთან, ფერნანდო გარსიასა და ლაურა კიმთან ერთად. მომწონს ის, რაც გამოვიდა. მინდოდა კაბა ელეგანტური, მდიდრული, გამორჩეული, მოდიდან რომ არ გადადის ისეთი ყოფილიყო და სწორედ ასეთი გამოვიდა“– ამბობს პერისი. და ის მართალია. ქორწილის ძირითადი კაბა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ყვავილების აპლიკაციები პირდაპირ კანზე ააწყვეს. ის მართლაც ძალიან ლამაზია. იგივე ბრენდმა შეკერა პატარძლის ფატაც.

რა თქმა უნდა, ქორწილში პერის ჰილტონს მხოლოდ ეს ერთი კაბა არ ცმია. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს მინიმუმ კიდევ სამი თეთრი კაბა.  ერთი –  Ghalia Lav–ის სამეჯლისო კაბა მოშიშვლებული მხრებით და მბრწყინავი დიადემით, რომელიც სპეციალურად წყვილის პირველი ცეკვისთვის მომზადდა. კიდევ ერთი – კრისტალებით დაფარული გრძელი, მოსასხამიანი კაბაა, რომელიც Pamella Roland–ს ეკუთვნის. და ბოლოს, ტაფტის მინი კაბა– ასევე Oscar de la Renta–სგან.

ვრცელდება ხმები, რომ ჰილტონმა ათი საქორწილო კაბა იყიდა, რომლებსაც ქორწილის შემდგომი დღეების განმავლობაში იცვამს.