პირველი ივლისიდან საქართველო მზად იქნება, მიიღოს უცხოელი ტურისტები – გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები.

“ამას ჩვენ გავაკეთებთ, როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე, გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით, ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან”, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც საზღვრებს გახსნის.

“საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები”, -განაცხადა გახარიამ.