უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნული პრემიერმინისტრი ლიზ ტრასი უკრაინაში მიიწვია. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე წერს.
”მე გავხდი პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც ბრიტანეთის ახლადარჩეულ პრემიერს, ლიზ თრასს ესაუბრა. ის უკრაინაში მოვიწვიე და ბრიტანელ ხალხს მადლობა გადავუხადე ეკონომიკური და თავდაცვისთვის გაწეული დახმარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთი მზადაა, მომავალში ეს დახმარება გააძლიეროს.
საუბრისას ყურადღება გავამახვილეთ უსაფრთხოების გარანტიებზეც. ჩვენ განვიხილეთ დიდი ბრიტანეთის მონაწილეობა უკრაინის აღდგენაში და შემდგომი ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე. ჩვენი მიზანია, შევაჩეროთ აგრესია და დამნაშავეები პასუხისგებაში მივცეთ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდეს. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ყველა ფორმატში. ”- აცხადებს ზელენსკი.