პიროტექნიკით გამოწვეული შიშის ფონზე ზოოპარკში 2 ცხოველი დაიღუპა – ზურაბ გურიელიძე მოსახლეობას მიმართავს

ფოტო : Alex Shlamov

“პიროტექნიკით გამოწვეული შიშის ფონზე, 2 ცხოველი დაიღუპა.. ერთი ინფარქტით, მეორე კი შიშის დროს სხვა ცხოველებმა გადათელეს” – ამის შესახებ, თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბ გურიელიძემ, ზოოპარკის მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს მოუწოდა, არ გამოიყენონ პიროტექნიკა.

”ზოგ შემთხვევაში ცხოველები განაბულები და დამალულები არიან, ზოგი ვოლიერში სირბილს იწყებს, რაც ძალიან სახიფათოა, განსაკუთრებით ჩლიქოსანი, დიდი წონის ცხოველებისთვის, მათ რაც გზად დახვდებათ, შეიძლება ყველაფერი გადაჯეგონ, ხშირ შემთხვევაში ასეთ დროს ხდება ზოგი ცხოველის დაზიანება, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება დაიღუპოს კიდეც.

ეს პრობლემის ერთი გზაა. მეორე კი ეს არის სტრესი, რომელსაც ცხოველები შეიძლება, სხვადასხვანაირად გამოხატავდნენ. ზოგ შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა მძიმე დაავადება განვითარდეს, მათ შორის ინსულტი და ინფარქტი. ეს დაავადებები შესაძლოა არა მყისიერად, არამედ რამდენიმე დღეში გამოვლინდეს და ნებისმიერი ჩარევა ასეთ დროს უკვე გვიანი იყოს.

ცხოველების დაღუპვის 2 შემთხვევა გვქონდა – ორივე მათგანი იყო ახალგაზრდა გნუ [ანტილოპის სახეობა], ერთი ინფარქტით დაიღუპა, მეორე კი შიშის დროს სხვა ცხოველებმა გადათელეს“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

15 000 ხელმომწერი პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვს