პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ ადამიანის უფლებებს – ევროპარლამენტარი კობახიძეს

ევროპარლამენტარი მარკ ანგელი “ფორმულასთან” საუბრისას თბილისი პრაიდზე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ და ეკლესიამ სიძულვილის ენა არ უნდა გამოიყენონ.

“ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის, რომ ადამიანებს, რომლებიც თბილისში პრაიდში მიიღებენ მონაწილეობას, დაცვას სჭირდებათ, რადგან არსებობს მათზე თავდასხმის საფრთხე. შესაძლოა, მათ წინააღმდეგ გამოიყენონ სიძულვილის ენა, ან ჩაიდინონ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ადამიანის ძირითადი უფლებები – გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა, ასევე, ეკლესია არ ჩაატარებს სიძულვილის კამპანიას LGBTQ ადამიანების წინააღმდეგ”,– თქვა მან.

ის ასევე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე”. ევროპარლამენტარი მას მოუწოდებს, პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

“ვიმედოვნებ, რომ საქართველოს არ ექნება უნგრეთის მსგავსი რეაქცია, სადაც გეი პროპაგანდის შესახებ რუსული სტილის კანონები მიიღეს. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, ყველა პოლიტიკოსმა პატივი უნდა სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მნიშვნელოვანია, საქართველოში პრაიდი მშვიდობიანად ჩატარდეს, ვიმედოვნებ, საქართველო არ წავა რუსეთის ან უნგრეთის გზით”,– უთხრა მარკ ანგელმა ფორმულას.