“პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ არსებობენ, ვადამდელი არჩევნები არ იქნება”- ამის შესახებ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დიალოგს აგრძელებენ და ქართული ოცნება მზად არის, “გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული”, ახლა ჯერი კი ოპოზიციაზეა.
“ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, ამაზე საუბარი დავასრულეთ ჩვენ. ამაზე ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის, ოდირის, ეუთოს დასკვნები, მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები და მოგვილოცა, რა არჩევნებზე მელაპარაკებით?! რაც შეეხება ჩვენს დიალოგს, ჩვენი დიალოგი გრძელდება და მე დიდი იმედი მაქვს და მინდა, კიდევ ერთხელ დავიტოვო ეს პოზიტიური, ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ეს შეთანხმება შედგება და ჩვენი მხრიდან არ ჰქონია და არც ექნება რაიმე დესტრუქციას ადგილი, პირიქით, ჩვენ ამის მომსწრენი გავხდით ოპოზიციის მხრიდან, როცა მათ ჩაშალეს დიალოგი და არ წამოვიდნენ დიალოგზე. ჩვენ ვართ მზად, რომ რეალურად გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა სააკაშვილის დროს”, – თქვა ღარიბაშვილმა.