“პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს “- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ღირსების მარშის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ უწყება ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა კანონის ფარგლებში, თუკი ის კანონით დადგენილ ნორმებს არ გასცდება.
“რაც შეეხება Tbilisi Pride-ს, ქალბატონმა თამარმა კორძაია დასვა საკითხი და გპასუხობთ. UNDP-ის ჩართულობით გაიმართა შეხვედრა, სადაც ჩვენი წარმომადგენელიც მონაწილეობდა და განხილული იყო აღნიშნული საკითხი. ჩვენ მივაწოდეთ იმ რისკების შესახებ ინფორმაცია, რაც აღნიშნული ღონისძიების ღირსების მარშის გამართვას უკავშირდება. მათი მხრიდან ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იყო გაცხადებული, რომ ისინი არ განიხილავენ ღონისძიების არც ლოკაციის შეცვლასა და არც რაიმე ტიპის მოდიფიცირებას. ჩვენ მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც გაგვაჩნდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიცია და შსს და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა კანონის ფარგლებში, თუკი ის კანონით დადგენილ ნორმებს არ გასცდება. ამ შემთხვევაში, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს”, – განაცხადა დარახველიძემ.