პრეზიდენტმა ზელენსკიმ ზალუჟნი გადააყენა. შემცვლელი უკვე დანიშნულია. დეტალები და რეაქციები

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი, ვალერი ზალუჟნი პრეზიდენტმა ზელენსკიმ თანამდებობიდან გადააყენა. ამ ინფორმაციის დადასტურებამდე სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზალუჟნი და ზელენსკი დღეს ერთმანეთს შეხვდნენ და პირისპირ ისაუბრეს. ორივევ მათგანმა საკუთარ სოციალურ ქსელებში დადო შეხვედრის ამსახველი ფოტო და ბუნდოვანი ფრაზები სერიოზული საუბრისა და ცვლილებების აუცილებლობის შესახებ, თუმცა ზალუჟნის გადადგომის შესახებ მათ არ დაუწერიათ.

ზალუჟნიმ დაწერა: ”დიდი ომის პირველ რთულ დღეებში ჩვენ გავუძელით ბოროტ და ძლიერ მტერს. ერთად ვიდექით. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და იცვლება ყოველდღე. 2022 წლის ამოცანები განსხვავდება 2024 წლის ამოცანებისაგან. ამიტომ, ყველა უნდა შეიცვალოს და მოერგოს ახალ რეალობას. რომ ასევე ერთად გავიმარჯვოთ.ახლახან შევხვდი უმაღლეს მთავარსარდალს. მნიშვნელოვანი და სერიოზული საუბარი იყო. გადაწყდა, რომ საჭირო იყო მიდგომებისა და სტრატეგიების შეცვლა. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვერდით მედგა. გენერალური შტაბის გუნდის, თავდაცვის სამინისტროსი, უკრაინის პრეზიდენტის“.

ზელენსკიმ  კი დაწერა: ”შევხვდი გენერალ ვალერი ზალუჟნის. მადლობას ვუხდი უკრაინის ორწლიანი დაცვისთვის. განვიხილეთ რა სახის განახლება სჭირდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ასევე განვიხილეთ, თუ ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებულ ხელმძღვანელობაში. ასეთი განახლების დრო სწორედ ახლაა. ”

ზალუჟნის თანამდებობიდან გაშვებას უკვე რამდენიმე დღეა ყველა ელოდა, მაგრამ ამ მესიჯებში ეს არ თქმულა.

მალევე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ფეისბუქის პოსტში მიანიშნა, რომ ვალერი ზალუჟნი გადადგება.

„ომი იცვლება და მოითხოვს ცვლილებას. 2022, 2023 და 2024 წლების ბრძოლა სამი განსხვავებული რეალობაა. 2024 წელი ახალ ცვლილებებს მოიტანს, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ გვჭირდება ახალი მიდგომები, ახალი სტრატეგიები. დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლის აუცილებლობის შესახებ. გულწრფელად მადლობელი ვარ, ვალერი ფედოროვიჩ, ყველა მიღწევისთვის და გამარჯვებისთვის. დიდება უკრაინას“, – წერს მინისტრი.

მალე ზალუჟნის გადადგომის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში დაადასტურა. ასევე თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალი სირსკი დაინიშნა.

სირსკი მანამდე სახმელეთო ჯარების მეთაური იყო.

გენერალი სირსკი და პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის თანაშემწე მიხაილ პოდოლიაკი განმარტავს ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ალექსანდრე სირსკის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე დანიშვნის მოტივებს.

„გადაწყვეტილება განპირობებულია მოქმედების ტაქტიკის გადახედვის აუცილებლობით, რამაც სრულყოფილად ვერ უზრუნველყო სასურველი შედეგი შარშან, ფრონტის ხაზზე სტაგნაციის თავიდან ასაცილებლად, რაც უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე, ახალი ფუნქციონალური და მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პოვნაის საჭიროებით, ინიციატივის შენარჩუნება და განვითარება, ისევე როგორც ჯარში მართვის პრინციპების რეფორმირების პროცესის დაწყება მნიშვნელოვანია“, – წერს ის სოციალურ ქსელში.

მალევე გამოჩნდა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების დოკუმენტური მტკიცებულება: მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ძალიან მოკლე ბრძანებულება ალექსანდრე სტანისლავოვიჩ სირსკის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშვნის შესახებ.

ასევე გამოქვეყნდა თანაბრად ლაკონური განკარგულება ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

შეერთებული შტატების და ნატოს რეაქცია ზალუჟნის გადადგომაზე თავშეკავებული იყო.

ვაშინგტონში  კომენტარი გააკეთეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის დიდი ხნის წინ ნავარაუდევი გადადგომის შესახებ და მის ნაცვლად ალექსანდრე სირსკის დანიშვნაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს იყო უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილება.  პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანიმა თქვა: „არჩეულმა ლიდერმა უნდა გააკეთოს არჩევანი იმის შესახებ, თუ ვინ დაიკავებს სამხედრო ხელმძღვანელობის მაღალ დონეებს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ შეერთებული შტატების პერსპექტივიდან, ჩვენ გავაგრძელებთ როგორც უკრაინის მთავრობის, ასევე უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერას“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა: „ეს, რა თქმა უნდა, უკრაინის გადაწყვეტილებაა… ნატოს საქმე არ არის ამ საკითხზე რაიმე აზრის გამოთქმა. მაგრამ მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრის კულებას ძალიან მკაფიო განცხადებას, რომ არანაირი ცვლილება არ მოახდენს გავლენას უკრაინის ურთიერთობებზე მის პარტნიორებთან და ნატოსთან. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას – და ეს არის მთავარი. ”

ჭორები ზალუჟნის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ დიდი ხანია ვრცელდება და გასულ კვირას ვაშინგტონში ანონიმურმა წყაროებმა ბევრ წამყვან მედიას განუცხადეს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეატყობინა შეერთებულ შტატებს არმიის მეთაურის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ. წყაროებმა განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეერთებულმა შტატებს ამ გადაწყვეტილებაზე არც პროტესტი და არც მხარდაჭერა გამოუთქვამს და მიაჩნია, რომ ეს უკრაინის პრეზიდენტის სუვერენული უფლებაა.