პროკურატურა სავარაუდოდ სუს-დან გამოსულ ფაილებზე აცხადებს, რომ ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების კანონიერების, ასევე ავთენტურობის დასადგენად მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები და საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები როგორც მონაწილე პირთა იდენტიფიცირების, ასევე აღნიშნული მასალების ავთენტურობის, მასალების შემდგენი და მომპოვებელი პირების დადგენის მიზნით.
უწყების ინფორმაციით, დახმარებისთვის მიმართეს აშშ-ს.
“გამოძიების ფარგლებში განხორციელდა ინტერნეტ სივრცეში ატვირთული ელექტრონული ფაილების გადმოწერა, ასევე, მიმდინარე რეჟიმში ხდება საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი.
სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მივმართეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს გამოძიებით დადგენილ სერვერებზე მონაცემების შენახვის და გამოთხოვის მიზნით.
მიმდინარე გამოძიების პროცესში ინტენსიურ რეჟიმში იკითხებიან მოწმეები, მათ შორის იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომელთაც მიიღეს შესაბამისი შეტყობინება ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ინფორმაციის თაობაზე, გამოკითხვისას თითოეულ მათგანს შეეთავაზა გამოძიებას მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. აქვე, მოვუწოდებთ ყველა იმ პირს, ვინც ფლობს ინფორმაციას აღნიშნულ მასალებზე ან ფიგურირებს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში, მოგვმართონ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან”,– წერია განცხადებაში.
პროკურატურა მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მასალების საჯაროდ გავრცელებისგან, “რათა არ შეილახოს ფიზიკური და იურიდიული პირების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესები.”
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გაგრძელდა სსკ-ის 158-ე მუხლის I, II და IV ნაწილებით.