პუტინისტი არ არის და არ მოეწონათ,მანქანაში ავტომატი ჩაუდეს – გორში რესტორნის მფლობელი იოსებ ბაბაევი დააკავეს

გასულ ღამეს, შსს-მ გორში სამოქალაქო აქტივისტი და ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავა, რომელიც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ოჯახი და მეგობრები დაკავებას ბაბაევის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობას უკავშირებენ.

ბიზნესმენის დედა ცოტა ხნის წინ, გორის პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა, სადაც ბაბაევის დაკავება სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს.

“ჩემი შვილი, სოსო ბაბაევი არის უკანონო პატიმარი იმიტომ, რომ აქტიურობდა ძალიან, პუტინისტი არ იყო, პუტინის წინააღმდეგი, რუსეთის წინააღმდეგი იყო და ეს არ მოეწონათ პუტინისტებს და მაგიტომ ჯერ სახლში შემომივარდნენ, იმდენი ხალხი ტევა არ იყო. გაჩხრიკეს იქაურობა. ვერაფერი ვერ წაიღეს და მანქანაში ჩაუდეს ავტომატი” –  ამბობს დაკავებულის დედა.

აქციის პარალელურად პოლიციასთან მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.