პუტინი: ავიაკატასტროფაში დაღუპული პრიგოჟინისა და მისი თანამგზავრების სხეულებში ხელყუმბარის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ყუმბარის ფრაგმენტები აღმოაჩინეს ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის და სხვა ადამიანების სხეულებში, რომლებიც 23 აგვისტოს ტვერის რეგიონში ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

„საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა წინა დღეს მომახსენა, რომ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრებში ხელყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს. თვითმფრინავზე გარე ზემოქმედება არ ყოფილა. ეს უკვე დადგენილი ფაქტია – რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები“, – განაცხადა პუტინმა ვალდაის სადისკუსიო კლუბში საუბრისას.

მან დასძინა, რომ ალკოჰოლის და ნარკოტიკული ნივთიერებების კვალის არსებობის დასადგენად დაღუპულთა ცხედრებზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა, თუმცა პრიგოჟინის ოფისის ჩხრეკისას მისი თქმით 5 კგ კოკაინი აღმოაჩინეს.

პუტინის თქმით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.