უკრაინის პრეზიდენტი დღესვე დავოსში ამერიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ზელენსკის ადმინისტრაციის ინფორმაციით შეხვედრაზე განიხილეს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, დღეს უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვა და დისტანციური შესაძლებლობები.
პირისპირ შეხვედრების შემდეგ ზელენსკიმ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, წელს მიღებულ უნდა იქნას მტკიცე გადაწყვეტილება რუსული აქტივების ჩამორთმევისთვის, რათა ის უკრაინის აღდგენას და ომისგან დაცვას მოხმარდეს. ზელენსკიმ თქვა, რომ სანქციები ვერ უშლის ხელს რუსეთს რაკეტები აწარმოოს და ის ფაქტი, რომ რუსეთის ბირთვული სექტორი ჯერ კიდევ არ არის შეზღუდვების ქვეშ, არის დასავლეთის სისუსტე.
- „ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი უკვე 2 წელია მიმდინარეობს, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის დაწყებიდან თითქმის 10 წელი გავიდა. პუტინი აგრძელებს იმ გზას, რაც მე-20 საუკუნეში უნდა დასრულებულიყო. ეს არის ომი, განადგურება და შიში, რომ კონფლიქტი არასოდეს დასრულდება. პუტინმა მშვიდობის 13 წელი წაიღო. ის არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მიმდინარეობს სხვადასხვა ომები და კონფლიქტები. და წარუმატებლად სრულდება მშვიდობის აღდგენის ყველა მცდელობა. ფაქტობრივად, პუტინი ომს განასახიერებს. პუტინი არ შეიცვლება, ის არასოდეს შეიცვლება. ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას და სხვა აგრესორებს საშუალება დანაშაული ჩაიდინონ. მსგავსი რეჟიმები იქამდე არსებობენ, სანამ ომის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ.“- ამბობს ზელენსკი.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველი გაყინული კონფლიქტი ადრე თუ გვიან კვლავ გაჩაღდება და აგრესორზე ზეწოლის შემცირება მხოლოდ ომს ახანგრძლივებს.