მთელ რუსეთში ხდება მოხალისეთა ბატალიონების ფორმირება უკრაინაში გასაგზავნად. ანალიტიკოსების შეფასებით 30 ათასზე მეტი მოხალისის მობილიზაცია შესაძლოა მოხდეს უკრაინაში რუსული არმიის რიგების შესავსებად.
ამასთან, როგორც CNN წერს, მობილიზაციისთვის არ არის სავალდებულო შესაბამისი სამხედრო გამოცდილება. რუსეთი ეძებს იმ სამხედროების შემცვლელ ძალას, ვინც უკრაინასთან 5 თვიანი ომის დროს გამოიფიტა ან მოკვდა. 30 ათასი მობილიზებულიდან მესამედის გადასროლა დონბასში იგეგმება.
გასულ კვირას, ბრიტანული დაზვერვის ხელმძღვანელმა თქვა, რომ რუსებს სულ უფრო გაუჭირდებათ ცოცხალი ძალით ფრონტის მომარაგება შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს საპასუხო დარტყმები განახორციელოს.
პუტინი დიდი ხანია თავს იკავებს საყოველთაო მობილიზაციის იდეის განხორციელებისგან, და საშემოდგომო გაწვევაც რუსეთში წინა წლის გაწვევისგან არ განსხვავდებოდა. მოხალისეთა ბატალიონები ერთ–ერთი გზაა რუსული არმიის რიცხოვნობის გასაზრდელად, რადიკალური ნაბიჯის გარეშე.
ამასთან, მოხალისედ ჩაწერის მოწოდებები როგორც წესი, უფრო ღარიბი და იზოლირებული რეგიონებისკენ არის მიმართული, “სწრაფი ფული“ კი სატყუარად გამოიყენება.
გამოცემა სვამს კითხვას, რა გავლენა შეიძლება მოახდინონ ამ ბატალიონებმა. ჩეჩნურმა მოხალისეთა რაზმებმა დიდი როლი ითამაშეს დონბასის კამპანიაში, განსაკუთრებით მარიუპლოში. თუმცა ისინი შედარებით კარგად არიან აღჭურვილი და დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვთ. სხვა ადგილებში შეგროვილ ბატალიონებს კი ეს ყველაფერი არ გააჩნიათ.
როგორც CNN წერს, ზოგიერთი ბატალიონი მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების მხარდაჭერაში მიიღებენ მონაწილეობას, იმ დროს, როგორც ზოგიერთი მოხალისე უშუალოდ შეავსებენ უკვე არსებულ საბრძოლო ბატალიონებს.
ინფორმირებული ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთი მოხალისეთა გაწვრთნას ერთ თვეს დაუთმობს, რაც სავარაუდოდ მათ მოსამზადებლად არასაკმარისი იქნება.