პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს მიაღწევს

ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ მიაღწევს უკრაინის დემილიტარიზაციას და ნეიტრალურ სტატუსს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მათი “სამხედრო ოპერაციის” მიზნები სწორედ ესაა. პრეზიდენტებმა ტელეფონით 90 წუთზე მეტხანს ისაუბრეს.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ნებისმიერი მცდელობა, გადადოს მოლაპარაკებები, გამოიწვევს მხოლოდ რუსეთის მოთხოვნების გაზრდას.

ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ “სპეცოპერაციის დროს, რომელიც გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რუსეთის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად“.

მისივე თქმით, “ზუსტი იარაღი გამოიყენება ექსკლუზიურად სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად”.

“ბრალდებები სავარაუდოდ მიმდინარე სარაკეტო თავდასხმებისა და კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების დაბომბვის შესახებ არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს ანტირუსული დეზინფორმაციული კამპანიის ელემენტებს”, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

პუტინმა აღნიშნა, რომ იგი არ ეთანხმება მაკრონის გუშინდელ გამოსვლას, რომელშიც მან ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს დააკისრა.