პუტინმა ნატოს დესტაბილიზაციის „ახალი“ გეგმა შეიმუშავა: რომელ ქვეყნებს ემუქრებათ საფრთხე

რუსეთი აძლიერებს მიგრაციულ კრიზისს ფინეთთან საზღვარზე, რათა სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინოს ნატოს ახალ წევრ ქვეყანაში. ჰელსინკიმ გამოაცხადა რუსეთის საზღვარზე საგუშაგოების დახურვის შესახებ.

„რუსეთს სურს ზიანი მიაყენოს ფინეთს და იქ არეულობა გამოიწვიოს, ეს ცხადია“– ციტირებს Newsweek-მა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების ელჩს მიკო კინუნენს.

გასულ კვირას ფინეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა რუსეთთან რვა სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელიდან ოთხის დახურვის შესახებ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, რაც ჰელსინკის თქმით არის ხრიკი  მიგრანტების საზღვართან თავმოსაყრელად.

ნატოს კიდევ ერთმა წევრმა, ნორვეგიამ, რომელსაც აქვს რუსეთთან სახმელეთო საზღვარი არქტიკაში, თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში საზღვრებს მოკლე დროში დახურავს. რუსეთის მოსაზღვრე ალიანსის კიდევ ერთმა წევრმა, ესტონეთმა, ასევე დაადანაშაულა მოსკოვი საზღვარზე ვიზის და ბინადრობის ნებართვის არმქონე ლტოლვილების  გაგზავნაში.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ პარასკევიდან მხოლოდ ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ერთი საგუშაგო რაჯა-ჯოზეპი იქნება გახსნილი  რუსეთთან საზღვარზე.  მანამდე პრემიერმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები მიგრანტებს ფინეთის საზღვრამდე თავად მიაცილებენ.

ომის შესწავლის ინსტიტუტმა ორშაბათს განაცხადა, რომ საზღვარზე ეს „ჰიბრიდული ომის ტაქტიკა“ მოგვაგონებს რუსეთისა და ბელორუსის ქმედებებს პოლონეთის საზღვარზე 2021 წელს და „სავარაუდოდ, ნატოს დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად“.

ბელორუსის დაზვერვის ოფიცრები დაეხმარნენ ათასობით მიგრანტს ახლო აღმოსავლეთიდან პოლონეთის საზღვრის გადალახვაში, რამაც კრემლს საშუალება მისცა უსაფუძვლოდ დაედანაშაულებინა ნატო ბელორუსის წინააღმდეგ აგრესიაში, იტყობინება ISW.

ათწლეულების განმავლობაში ნეიტრალიტეტის შემდეგ ფინეთი მიმდინარე წლის აპრილში ნატოს 31-ე წევრი გახდა. მას ალიანსში გაწევრიანება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ წარმოქმნილმა საფრთხემ აიძულა.

რუსეთი, რომელსაც ფინეთთან 1350 კილომეტრის სიგრძის სახმელეთო საზღვარი აქვს, აღშფოთებული იყო ამ ნაბიჯით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ომის დაწყების ერთ–ერთი მოტივი  რუსეთის საზღვრებთან ალიანსის გაფართოება იყო.

კინუნენის თქმით, მოსკოვი იმეორებს ტაქტიკას, რომელიც გამოიყენა 2015 და 2016 წლებში, ფინეთის ნატოში გაწევრიანებამდე, როდესაც „იყენებდა  ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან, აფრიკიდან წამოსულ ლტოლვილებს“ და  მიგრანტები მის საზღვართან გადაჰყავდა.