ჟერარ დეპარდიემ რუსეთში მისი საპროდიუსერო ცენტრი დახურა, თუმცა რუსეთი ისევ უყვარს

ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, ხურავს საპროდიუსერო ცენტრს რუსეთში “პროექტებში პაუზის გამო”.

“ეს სტრუქტურა შეიქმნა აუდიოვიზუალური პროექტების განვითარებისთვის. აქტიური საქმიანობის გარეშე, ეს სისტემა უსარგებლოა, რადგან ის ხარჯებს საჭიროებს იმ  დროსაც კი, როცა არ მუშაობს. ახალი სტრუქტურა შეიძლება მას შემდეგ გაიხსნას, როცა პროექტებთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკა იქნება”, – თქვა მსახიობის მეგობარმა და პროდიუსერმა არნო ფრილიმ

ის ირწმუნება, რომ ცენტრის დახურვის ეს გადაწყვეტილება „არავითარ შემთხვევაში“ არ არის დაკავშირებული რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომთან.

„რაც შეეხება ჟერარდს, ის ჯერ კიდევ ძალიან მოტივირებულია, მონაწილეობა მიიღოს პროექტებში რუსეთში“, – განაცხადა ფრილიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ ნორმანდია-ნიმენის ესკადრილიის შესახებ ფილმზე მუშაობაც შეჩერებულია.

2012 წელს დეპარდიემ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მსახიობმა ამავე სახელწოდების ფილმში რასპუტინის როლი შეასრულა.

დეპარდიემ თქვა, რომ „უყვარს პუტინი, რუსეთი და მისი დემოკრატია“.

2015 წელს ჟერარ დეპარდიე მოხვდა იმ მსახიობთა სიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას.