“ჟურნალისტებზე თავდასხმა ეს იყო სახელმწიფოზე ძალადობა” – აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას ისაუბრა.
“ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. ძალიან ცუდი ფაქტები იყო. 27 წელია ძალოვან უწყებებში ვმუშაობ, 9 წელია უკვე თანამდებობაზე ვარ და ასეთი შემთხვევა, თუ ერთეულ შემთხვევებს არ ჩავთვლით, ჟურნალისტებზე ძალადობა, რაც არის ძალიან მძიმე, მე ვიტყოდი, რომ ეს სახელმწიფოზე ძალადობაა. ასე ორგანიზებულად, აქტიურად, უცებ, სხვადასხვა ადგილზე მოხდა ეს თავდასხმები და არა ერთ ადგილას, მაგალითად პარლამენტის შენობის წინ, რაც ცოტა გასაკვირიც იყო და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. დავაკავეთ უკვე რამდენიმე ადამიანი, 15-16 ადამიანი დაკავებულია, კიდევ ვაპირებთ. ვსწავლობთ, ზღვა მასალაა, ძალიან ბევრი ვიდეო, ჩანაწერები და მინდა, ვთხოვო ყველა იმ ჟურნალისტს, ოპერატორს, რომ გვეთანამშრომლონ უფრო აქტიურად. მე გუშინაც განვაცხადე, რომ არც ერთი ნორმალური ადამიანი, მითუმეტეს ხელისუფლებაში მყოფი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც თქვეს ჩემზე, თითქოს მე გავეცი ბრძანება, რომ ჟურნალისტები ეცემათ და პოლიციელებს არაფერი მოემოქმედათ, ეს სისულელეა და არც მინდა მათ პასუხი გავცე, ვინც ეს განცხადება გააკეთა. დარწმუნებული ვარ, ამის თვითონაც არ სჯერათ. პოლიცია სადაც იყო, ყველგან, რაც შეძლეს პოლიციელებმა მაქსიმალური გააკეთეს. 3200 პოლიციელი იყო გამოყვანილი. თავიდან იყო 5 ობიექტი, მერე გახდა 8, მერე – 18 ობიექტი გამოძახების. ეს ადამიანები ყველგან გადანაწილებულები იყვნენ, იყო ცრუ გამოძახებებიც ასევე, სადაც გარბოდა 50 პოლიციელი, მიდიოდა და იქ არაფერი ხდებოდა. „ეს ოფისი დაარბიეს, ის ოფისი დაარბიეს, უნდა მიუვარდნენ იქ“ – ვრცელდებოდა ინფორმაცია ანუ, ეს პოლიციური ძალები იყო გაფანტული. სპეცდანიშნულების რაზმი, რა თქმა უნდა, იყო გამოყენებული. ისინი რატომღაც წარმოუდგენიათ, რომ მაინცდამაინც უნდა იყვნენ „რობოკოპებში“ ჩაცმულები. ეს არის სპეციალური ღონისძიების დროს გამოსაყენებელი აღჭურვილობა. ყველგან იყვნენ გადანაწილებულები, ისინი იყვნენ პოლიციელების ფორმაში. სპეციალური ღონისძიება როცა იგეგმება, იცვამენ ამ ფორმებს. როცა უკვე იყენებენ წყლის ჭავლს, გაზს. ანუ, როდესაც მასასთან ხდება მუშაობა და არა ის, რომ 5 კაცს გაეკიდონ “რობოკოპებში” ჩაცმული პოლიციელები.