რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერეს. საჯარო რეესტრს განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ მიმართა.
მათივე ინფორმაციით, რეგისტრაციის შეჩერების მიზეზი წესდების დარღვევით ჩატარებული განმეორებითი საერთო კრებაა, რომელიც 2020 წლის 24 თებერვალს ჩაშლილი საერთო კრებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო არ ჩატარებულა.
აბუსერიძის განმარტებით, არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და ვინც “ამის უკან დგას, რაგბის მტერია”.
„არჩევნები ლეგიტიმურად იყო ჩატარებული. გამგეობის თავმჯდომარემ, ყრილობამ, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა და ნოტარიუსმა – ყველამ აღიარა, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური იყო. როგორც ჩანს, არსებობს რაღაც ხარვეზი და ამას ხვალიდან მივხედავთ, ჩემთვის სუსტია ის არგუმენტები, რაც მათ უწერიათ. ვნახავთ, ხურციძეა თუ ვინ დგას ამის უკან, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ის ქართული რაგბის მტერია. შესარჩევი წელი გვაქვს საკვალიფიკაციო, ასევე რუსეთის თამაში გვიახლოვდება და ეს არის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვერ ეგუება დამარცხებას, შეეძლო ყრილობაზე გამოცხადებულიყო და დაეყენებინა ეს საკითხი“, -თქვა ირაკლი აბუსერიძემ.
ხურციძე ამტკიცებს, რომ რაგბის კავშირის არჩევნები არასწორად ჩატარდა და ხელახლა უნდა დაინიშნოს.
“ჩაატარეს უკანონო ყრილობა და მე შევიტანე განცხადება. რეესტრმა გაიზიარა ის შენიშვნები თუმცა მე რომც არ შემეტანა განცხადა ისინი მაინც ნახავდნენ ამ ხარვეზს ნახავდნენ. ერთადერთი რამაც ეს შეიძლება გამოასწოროს არის მორიგი საარჩევნო ყრილობა. ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან და უნდა ჩატარდეს სწორედ”, – აღნიშნავს ხურციძე.
შეგახსენებთ, არჩევნები რაგბის კავშირში გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარდა და დელეგატების უმრავლესობამ მხარი აბუსერიძეს დაუჭირა.