ოცნების გენერალური მდივარი, ირაკლი კობახიძე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმიანება და ამბობს, რომ ოპოზიციას ისტერიული რეაქცია ჰქონდა.
“ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ორკესტირირებული შეტევისას განსაკუთრებით აქტიურობდნენ წინა ხელისუფლების საგარეო ბლოკის წარმომადგენლები, რომელთა განცხადებები ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოებს გასცდა. დღეს, როდესაც რეალურად გაჩნდა შანსი, დელიმიტაციის ჩიხში შესული პროცესის სამართლიანად, ქართული და აზერბაიჯანული მხარეების მიერ პროცესის დასაწყისშივე შეთანხმებული ალგორითმით და ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს, რადიკალური ოპოზიცია ორგანიზებულ თავდასხმას ახორციელებს ხელისუფლებაზე”,- ამბობს კობახიძე ბრიფინგზე.
მისივე თქმით, “რადიკალური ოპოზიცია” ცდილობს, დაამტკიცოს, რომ აღმოჩენილი დოკუმენტები და რუკა გამონაგონი და ტყუილია.
კობახიძე აღნიშნავს, რომ ამ თემით პოლიტიკურმა სპეკულაციებმა ადამიანების ლუსტრაცია მოახდინა. მისი თქმით, ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს საზღვრის გავლების საკითხი, გარდა წინა ხელისუფლებისა, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ხალხი, ისტორია და სამშობლო.
“დარწმუნებული ვართ, რომ საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება, ორივე მხარის ინტერესების, კეთილმეზობლური ურთიერთობისა და საქმიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით იქნება მიღებული”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.