რამშტეინის კლუბის შეხვედრის წინა დღეს ევროპამ უკრაინისთვის იარაღის ახალი ფართომასშტაბიანი მიწოდება გამოაცხადა

ხუთშაბათს ესტონეთში გამართულ შეხვედრაზე ევროპელმა თავდაცვის მინისტრებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია უკრაინისთვის იარაღის ახალი პარტიის მიწოდების შესახებ. ისინი ტაპას სამხედრო ბაზაზე რამშტეინის ფორმატში მოკავშირეების დიდი შეხვედრის წინა დღეს შეიკრიბნენ, რომელიც 20 იანვარს არის დაგეგმილი.

შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას 600 ბრიმსტონის რაკეტას მიაწვდის, ხოლო დანიამ განაცხადა, რომ გადასცემს 19 CAESAR-ის თვითმავალი საარტილერიო დანადგარს, რომლებიც საფრანგეთს შეუკვეთა.

ესტონეთი უკრაინას დასახმარებლად 113 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის, რომელიც მოიცავს ათეულობით FH-70 და D-30 ჰაუბიცებს და ასობით M2 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს საბრძოლო მასალებით.

ლატვია უკრაინას მიაწვდის ათობით Stinger სისტემას, ორ M-17 ვერტმფრენს, ათეულობით ტყვიამფრქვევს, დრონებს და მოამზადებს 2000 უკრაინელ ჯარისკაცს.

გარდა ამისა, უკვე ამ დეკლარაციის ფარგლებს მიღმა, გერმანული კონცერნი Rheinmetall, Handelsblatt-ის თანახმად, მზადაა წლის ბოლომდე ასამდე ლეოპარდ-1 და ლეოპარდ-2 ტანკი გადასცეს უკრაინას, თუ გერმანიის ხელისუფლება მას ნებას მისცემს. გერმანიის გადაწყვეტილებას პარასკევს რამშტეინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ელოდებიან.

ბენ უოლესმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთი ერთიანია კრემლის წინააღმდეგ.

„თუ პრეზიდენტი პუტინი ფსონს დებს, რომ ჩვენ ეს მოგვბეზრდება, ის ცდება“, – თქვა უოლესმა, „ჩვენი მიზანია, რუსეთი უკრაინიდან გავაძევოთ და უკრაინის სუვერენიტეტი აღვადგინოთ“, – დასძინა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, თავის მხრივ, ხუთშაბათს განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინა აქცია რუსეთისა და ბელორუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს წინააღმდეგ დივერსიული მოქმედებების ხიდად.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება შეერთებული შტატების და მისი სატელიტების დესტრუქციული კურსის მიმართ ნატოს გაფართოებისკენ, ალიანსის სამხედრო ძალების და სამხედრო ინფრასტრუქტურის მოახლოების შესახებ ჩვენს საერთო საზღვრებთან, რაც იწვევს სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციას და არ შეიძლება ჩვენი მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩეს“, – განაცხადა ლავროვმა მინსკში ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე.

რამშტეინის მოლოდინში

ეს განცხადებები გაკეთდა რამშტეინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინა დღეს, რომელშიც 50-მდე ქვეყანა შედის. შეხვედრა 20 იანვარს არის დაგეგმილი და მონაწილეები მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის, კერძოდ, გერმანული ლეოპარდის ტანკების მიწოდების შესახებ.

პოლონეთმა და ფინეთმა გამოაცხადეს ამ ტანკების უკრაინისთვის გადაცემის მზადყოფნა გამოთქვეს. ისინი მხოლოდ გერმანიის თანხმობას ელოდნენ, მაგრამ ის ნებართვის მიცემას არ ჩქარობდა.

თუმცა, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს  გერმანიის ახალი თავდაცვის მინისტრის მოსვლასთან ერთად – სამშაბათს ამ პოსტზე დაინიშნა 62 წლის ბორის პისტორიუსი – გამოცდილი პოლიტიკოსი და კანცლერ ოლაფ შოლცის თანაპარტიული წევრი სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში .

ხუთშაბათს ახალმა მინისტრმა უკვე განიხილა უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხი აშშ-ს თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან.

იმავდროულად, კრემლმა კვლავ გააფრთხილა დასავლეთი, არ მიაწოდოს უკრაინას იარაღი,  რომლითაც შეიძლებარუსეთს დაარტყას. პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამან შესაძლოა კონფლიქტი სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანოს.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, თავის მხრივ, BBC-სთან ინტერვიუში გამოვიდა მოწოდებით, არ შეეშინდეთ რუსული მუქარის და განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“ომის დროს ჩვენ არ გავაკეთეთ საკმარისი. რუსეთი არ დასუსტებულა. რუსეთმა გაასამმაგა თავისი სამხედრო მრეწველობა, რომ მეტი აწარმოოს, მათ ჰყავთ მეტი ხალხი, ვინც მობილიზებულია ან შეიძლება იყოს მობილიზებული, ამიტომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი ამ კუთხით”, – განაცხადა მან და დასძინა: ”მე ვფიქრობ, ტერორიზმზე ერთადერთი პასუხი არის ის, რომ თქვენ არ შეგიძლიათ დანებდეთ ტერორისტულ საფრთხეებს, უბრალოდ არ შეგიძლიათ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ტერორისტები გაიმარჯვებენ.”

ოთხშაბათს დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკვე აქტიურად ეხმარება უკრაინას საბრძოლო მასალისა და საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებით. ეს იყო მისი რეაგირება მოწოდებებზე,  გერმანიამ სხვა ქვეყნებს მისცეთ ნებართვა, ტანკები უკრაინას გადასცენ.

იმავდროულად, დავოსში იმავე ფორუმზე გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ლოდინი უკვე შეუძლებელია და აუცილებელია მოქმედება პროაქტიული იყოს.

“მსოფლიო აღარ უნდა ყოყმანობდეს – არც დღეს და არც მომავალში”, – თქვა ზელენსკიმ. “მსოფლიოს მობილიზებამ უნდა აჯობოს ჩვენი საერთო მტრის მომავალ სამხედრო მობილიზაციას. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფა უნდა ასწრებდეს რუსული რაკეტის მომდევნო შეტევას. დასავლეთის ტანკების მიწოდებამ უნდა დაასწროს რუსული ტანკების მორიგ შემოჭრას“.

გარდა ამისა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ასევე მოუწოდა დავოსის ფორუმის მონაწილეებს: „ახლა არის ომის გარდამტეხი მომენტი და ჩვენ გვჭირდება მნიშვნელოვნად გავუზარდოთ დახმარება უკრაინას. თუ გვინდა მივაღწიოთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხვალ, ჩვენ დღეს უნდა მივცეთ მეტი იარაღი. .”

მას ევროპარლამენტიც ეთანხმება- ოთხშაბათს მათ მიიღეს წლიური ანგარიში უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესახებ, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ ნებართვას ლეოპარდ 2-ის მიწოდებაზე.

იმავდროულად, ოთხშაბათს გერმანულმა გამოცემა Süddeutsche Zeitung-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი ინფორმაციით, ოლაფ შოლცი მზად არის ლეოპარდის ტანკები გადასცეს უკრაინას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დათანხმდება მისი აბრამსის გაგზავნას უკრაინელებისთვის.

გაზეთის ანონიმი თანამოსაუბრეების თქმით, ამის შესახებ შოლცმა სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ბაიდენს როგორც Süddeutsche Zeitung წერს, ამ კუთხით არანაირი დაპირება არ მიუცია.

მაგრამ შეერთებული შტატები არ გეგმავს Abrams-ის მიწოდებას უკრაინისთვის, რასაც იმით ხსნის, რომ  ტანკებს მომსახურების  ძვირადღირებული ტექნიკური სისტემა ჭირდება.

ხუთშაბათს Sky News-Arabia  პენტაგონის წყაროს ციტატა მოიყვანა, რომელიც განმარტავს აშშ-ს მიერ უკრაინას აბრამსის მიწოდებაზე უარის თქმის მიზეზებს: „ვაშინგტონი უარს ამბობს უკრაინას მიაწოდოს აბრამსი შენახვის და ოპერაციების მაღალი ღირებულების გამო“. გარდა ამისა, წყაროს ცნობით, გაზაფხულამდე მცირე დროში აბრამსზე სასწავლო პროგრამის განხორციელება [უკრაინელი სამხედროებისთვის] რთული იქნება.

თუმცა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინას მიაწვდიან ყველაფერს, რაც მას სჭირდება.

”დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ტანკებიც, საბრძოლო თვითმფრინავებიც და შორი მანძილის  იარაღი, რომელსაც შეუძლია დაარტყას სამიზნეებს 300 კილომეტრის დაშორებით,” – თქვა მინისტრმა და გაიხსენა, რომ ერთი წლის წინ მას დასავლელი პარტნიორებისთვის მხოლოდ Stingers–ის თხოვნა შეეძლო, ახლა კი უკრაინული მეზენიტეები სულ მალე დაიწყებენ Patriot-ის ძლიერი სისტემების მართვის შესწავლას.