თუ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩაერევა, ეს საკითხი უკრაინულ მხარესთან იქნება განხილული. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, კიევი და თბილისი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ერთმანეთის სახელმწიფოებრიობას და კანონებს პატივი უნდა სცენ:
“სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევა, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა მიუღებელია. ჩვენ ამის შესახებ ჩვენს მეგობარს და სტრატეგიულ პარტნიორს ვუთხარით. ეს ნაბიჯი დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებულია. მათი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ სააკაშვილი არ ახდენს გავლენას საქართველოს მიმართ უკრაინის პოლიტიკის ფორმირებაზე და მას არ უკავია აღმასრულებელ ხელისუფლებაში ისეთი თანამდებობა, როგორადაც ცდილობდნენ წარმოჩენას. ის მხოლოდ მრჩეველია. ჩვენთვის მთავარია არ დაირღვეს ჩვენი კანონმდებლობა. შესაბამისად, ამას ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან განვიხილავთ. მოვუწოდებ ყველას პატივი სცენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და კანონმდებლობას“– თქვა ზალკალიანმა.
2020 წლის 8 მაისს საქართველომ უკრაინიდან ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციისთვის გამოიწვია. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ მიიღო. ელჩი კიევში საქართველომ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დააბრუნა.