რატომ თქვა უარი პუტინმა აზოვსტალის შტურმზე – არესტოვიჩის მოსაზრება

უკრიანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ეხმიანება რუსეთის მიერ აზოვსტალის ქარხანაზე შტურმის შეწყვეტას. მისი აზრით, პუტინს სურს, აირიდოს დანაკარგები იქ მყოფ რუს სამხედროებს შორის, რომლებსაც მოუწევდათ რთული ბრძოლების გამართვა მეტალურგიული ქარხნის ნანგრევებში.

“პუტინმა გამოიჩინა “ზრუნვა” რუსი ჯარისკაცების მიმართ, რათა ისინი იქ არ დაიღუპნენ. ეს ნიშნავს შემდეგს – მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ აზოვსტალის აღება, ეს გაიგეს, მათ იქ დიდი ზარალი განიცადეს”, – განაცხადა არესტოვიჩმა Unian-ის ცნობით.

მისივე თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ ქარხნის დაკავებას. არეტოვიჩის შეფასებით, აზოვსტალის აღებაზე უარი შეიძლება აიხსნას იმითაც, რომ რუსებმა ძალების გაძლიერების მიზნით ჯარის ნაწილი ჩრდილოეთში გადაიყვანეს, სადაც მთავარი პოლიტიკური პრობლემის გადაჭრას ცდილობენ – მიაღწიონ ლუგანსკის და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვარს.

“ისინი ამას ვერ შეძლებენ. გამარჯვების ნაადრევი გამოცხადება, აღდგომისა და 9 მაისის დალოდების გარეშე, აჩვენებს, რომ რუსებმა გააცნობიერეს ომის ამ ეტაპზე მათი ბოლო აქტიური ოპერაციის უშედეგობა”, -აღნიშნა არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმის შეწყვეტის ბრძანება გასცა. მისი აზრით, შტურმი “მიზანშეუწონელია”.