რაში ჭირდება პუტინს დონბასი: დასავლელი ექსპერტების ანალიზი

დასავლელი  ექსპერტების აზრით უკრაინის დონბასის რეგიონის დაპყრობა რუსეთის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს სახე შეინარჩუნოს და “სპეცოპერაციის მიზნების მიღწევის შესახებ“ განაცხადოს.

იმ შემთხვევაში, თუ დონბასისთვის ბრძოლაში გაიმარჯვებს, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი შეძლებს უკრაინაში წარუმატებელი შეჭრა წარმატებად გაასაღოს, დონბასში დამარცხება კი სამუდამოდ შეიყვანს ისტორიაში პუტინის მიერ გაჩაღებულ სრულმაშტაბიან ომს, როგორც რუსეთის დიდ მარცხს.

“ისეთი ქალაქები, როგორიც არის ლუგანსკი და დონეცკი, ისტორიულად არის ადგილები, სადაც რუსებს შეეძლოთ საკუთარი თავის გარკვეული ვერსია ენახათ“– ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის უკრაინული კვლევების დოცენტი რორი ფინინი.

ექსპერტების აზრით, დონბასის ეს ისტორიული იმიჯი შეიძლება კვლავ შენარჩუნდეს პუტინის მსოფლმხედველობაში, იმის გათვალისწინებით, რომ მას საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა, რეგიონის დაპყრობის გარეშე კი ეს არ გამოვა.

“დონბასის ოკუპირება რუსეთის ფედერაციისთვის სიმბოლურად ძალიან მნიშვნელოვანია. დონბასი მთელ საბჭოთა კავშირს ამარაგებდა ნედლეულით. ეს იყო ადგილი, რომელიც საბჭოთა ინდუსტრიალიაციას ტემპს აძლევდა“ ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის უკრაინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის იურისტი, მარკიან დობჩანსკი.

სწორედ ამ კონტექსტში მოახდინა პუტინმა მისი შეფერხებული შეჭრის გადაორიენტირება რეგიონზე, სადაც უკრაინიასთან ომი რვა წლის წინ დაიწყო – თვლიან ანალიტიკოსები.

აშშ–ს დაზვერვის მონაცემები მეტყველებს, რომ პუტინი ცდილობს უკრაინის აღმოსავლეთით 9 მაისამდე რამე შედეგს მაინც მიაღწიოს.

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, სამირ პურინი, რომელიც დონბასში 2014–2015 წლებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ერთ–ერთი დამკვირვებელი იყო, თვლის, რომ რეგიონის შესაძლო დაპყრობა პუტინს საშუალებას მისცემს რუსულ საზოგადოებას უთხრას, რომ ომში გამარჯვება მოიპოვა.

“დონბასის დაპყრობა ნუგეში იქნებოდა რუსეთისთვის, რომელიც კიევს ვერ მიწვდა. ეს კარგი დამამშვიდებელი პრიზი იქნებოდა“ – ამბობს პური.

ამავე დროს, ექსპერტი ვარაუდობს, რომ დონბასში ომის ახალი ეტაპი თითქმის დანამდვილებით გამოიწვევს რეგიონის კიდევ უფრო მეტ დაცარიელებას, რომელიც ისტორიულად და კულტურულად აგრესორი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ადგილია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი დონბასზე გადამწყვეტი შეტევისთვის მესამე კვირაა ემზადება. გუშინ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში თქვა, რომ დონბასისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო. თუმცა, მას არ ეთანხმებიან  New York Times–ის მიერ გამოკითხული დასავლელი ექპერტები. მათი აზრით, რუსეთი რეგიონში უფრო მაშტაბურ შეტევას ამზადებს.

თავის მხრივ,Atlantic Council –ის  ანალიტიკოსები უკრაინის ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ დონბასზე კონტრშეტევის გაჭიანურება არ ღირს, რადგან ამან შეიძლება აგრესორ სახელმწიფოს უპირატესობა მისცეს მათ მიერ დაკავებული პოზიციების დაცვაში.