პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ, რაც ახლა ხდება, არის სპეკულაცია და ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.
მისივე თქმით, როცა გამოძიება დასრულდება და შედეგი იქნება, მხოლოდ შემდეგ შეიძლება გამოძიების შეფასება.
“როდესაც მე ვსაუბრობ, რომ პოლიტიკურ შეფერილობას, სამწუხაროდ, იძენს ჩვენს ცხოვრებაში ტრაგიკული შემთხვევები, სწორედ ამას ვგულისხმობ. მეგობრებო, მიმდინარეობს გამოძიება. მე ერთხელ უკვე ამაზე კომენტარი გავაკეთე და ვთქვი, რომ სახელმწიფოს და, პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი.
მე თუ კითხვები მიჩნდება, ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც, სანამ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელია და სანამ გამოძიების პროცესი არ დასრულებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა, ყველამ ხელი შევუწყოთ გამოძიებას.
გამოძიება რომ დასრულდება და გამოძიების შედეგი რომ იქნება, შემდგომ შეიძლება უკვე ამ გამოძიების ყველა მხრიდან შეფასება, მაგრამ ის რაც ახლა ხდება, სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არასამართლიანი კი არა, ამორალურია ეს ყველაფერი. ყველანაირ ფასეულებებს მიღმაა,” – აცხადებს გახარია.
მანვე აღნიშნა, რომ თუ რომელიმე სამართალდამცავმა დაუშვა კანონდარღვევა ან შესაბამისად არ შეასრულა მოვალეობა, ამისთვის ცალკე გამოძიება უნდა დაიწყოს და “ეს არ უნდა იყოს ჭორაობის საგანი”.