განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის ბრძანებით, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც გასულ წელთან შედარებით ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხების ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შესული.
ქართული ლიტერატურის ნაწილში შემცირებულია საკითხების რაოდენობა. მიმდინარე წელს 28 გამოცდაზე საკითხი იყო შესული, მომავალი წლის გამოცდებისათვის მათი რაოდენობა 24-მდეა შემცირებული.
2025 წლის პროგრამაში მთლიანად ამოღებულია ავტორები: ალექსანდრე ჭავჭავაძე; ალექსანდრე ყაზბეგი; პოლიკარპე კაკაბაძე და პაოლო იაშვილი.
მაშინ როდესაც მიმდინარე წელს, ამავე ავტორების თითო-თითო ნაწარმოები იყო პროგრამაში:
- ალექსანდრე ჭავჭავაძე – ლექსი „გოგჩა“;
- ალექსანდრე ყაზბეგი – მოთხრობა „ხევისბერი გოჩა“
- პოლიკარპე კაკაბაძე – პიესა „ყვარყვარე თუთაბერი“;
- პაოლო იაშვილი – ლექსი „პოეზია“
2025 წლის საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოებიდან „სიბრძნე-სიცრუისა“:
- მემკვიდრის აღზრდის ამბავი;
- იგავ-არაკები: „მეფე ხორასნისა“,
- „ძუნწი და ვაჭარი“;
- „უგუნური მცურავი“
- „სამნი ბრმანი“
- „მეფუნდუკე და დიდვაჭარი“;
დავით გურამიშვილი:
- „სწავლა მოსწავლეთა“;
- „ქართველ უფალთა მეგვარტომობის იგავი“;
- „მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“;
- „ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთად შეორგულება“;
- „საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“;
- „დავით გურამისშვილის ლეკთაგან დატყოება“;
- „ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარა ნახა, ამისი მოთქმა დავითისაგან“;
- „ტყვეობითგან გაპარვა დავითისა“;
- „შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გამოსვლა სარუსეთოში“;
- „დავით გურამისშვილისაგან საწუთოს სოფლის სამდურავი“
გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებიდან ამოღებულია „საღამო გამოსალმებისა“ და „პასუხი შვილთა“.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებიდან ამოღებულია: „არ უკიჟინო, სატრფოო“, „ცისა ფერს“, „ხმა იდუმალი“, „სულო ბოროტო“, „ვპოვე ტაძარი“.
ამოღებულია ილია ჭავჭავაძის ლექსები: „ბედნიერი ერი“, „პასუხის პასუხი“, „ჩემო კალამო“.
პოემები: „განდეგილი“ და „აჩრდილი“.
აკაკი წერეთლის ლექსებიდან ამოღებულია : „აღმართ-აღმართ“, „სულიკო“, „ქებათა ქება“.
ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ამოღებულია:
„რამ შემქმნა ადამიანად“,
„იას უთხარით ტურფასა“;
პოემებიდან აღარ არის „ბახტრიონი“;
აღარ არის მოთხრობა „ამოდის, ნათდება“
აღარ არის პუბლიცისტური წერილი: „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“.
ამოღებულია გალაკტიონ ტაბიძის „მშობლიური ეფემერა“ და
გიორგი ლეონიძის „ნინოწმინდის ღამე“.
პროგრამაში ანა კალანდაძის ლექსი შეცვალეს: იყო „მკვდართა მზე ვარ“, ახლა იქნება – „ვაჟაო, დილის მზის სხივო“.
ცვლილებებია ისტორიის პროგრამაშიც
მიმდინარე წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცალკე საკითხად იყო გამოყოფილი „საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში“. რომელიც მოიცავდა საკითხებს: რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების დაპყრობა; აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში; საქართველო მეფისნაცვლობის პერიოდში; ალექსანდრე II-ის რეფორმები; რუსეთ-ოსმალეთის ომები და საქართველო.
2025 წლის პროგრამაში უფრო ფართო თავის სათაურია „მსოფლიო და საქართველო XIX საუკუნეში“.
- ”ისტორიის საკითხებში 1832 წლის შეთქმულება შედის, ასევე შედის თერგდალეულებიც, მაგრამ ვერ ვხვდები ეს რანაირი საკითხებია, გამსხვილებულ თემებში მსოფლიო ისტორიის კონტექსტში მოკრძალებულად ჩასმული საქართველოს ისტორიის საკითხები. მთელს მე-19 საუკუნეში, საქართველოს ისტორია სულ ორი მსხვილ თემად არის წარმოდგენილი.
რუსეთი (აღმოსავლეთის საკითხი, ომები ოსმალეთთან და ირანთან, რუსული კოლონიალიზმი). საქართველო XIX საუკუნეში (საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ, 1832 წლის შეთქმულება. თერგდალეულები). არ ვიცი, ვერ ვხვდები ჩემი ძალიან მოკრძალებული აზრით, საქართველოს ისტორიის საკითხები უფრო მრავლად და შედარებით დეტალურად უნდა იყოს ასახული. ამ ქვეყნის ისტორია ჩვენზე მეტად არავის აინტერესებს და პირველ რიგში ქართველებმა უნდა ვიცოდეთ. ფაქტია, რომ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის ისტორიის საკითხები ბევრად მეტია და ცალსახად ჭარბობს, ვიდრე – საქართველოს ისტორიის საკითხები.” – წერს შავი ზვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მაგდა მემანიშვილი.
რას ამბობს განათლების სამინისტრო?
ცვლილებასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას და თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება.
- “საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა. მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.აქვე მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი. რევიზიის პროცესში მოხდება სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვა და განახლება. ჩვენი სურვილია, აღნიშნულ ჯგუფს შევთავაზოთ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი ლიტერატურა, ასევე ყველა ის ნაწარმოები რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ სამომავლოდ აღნიშნული ნაწარმოებები სავალდებულო ლიტერატურის სტატუსით მოხვდება საგამოცდო პროგრამაში”, – ამბობენ სამინისტროში.