პირველი აპრილიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება: ქვეყნის მაშტაბით თეატრები და კინოდარბაზები ამუშავდება. . თუმცა მათ რეგულაციების დაცვით მოუწევთ მუშაობა: მაყურებელმა თერმოსკრინინგი უნდა გაიაროს, გარდა ამისა, ნებადართულია დარბაზების მხოლოდ 50%–ით შევსება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსაც.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს უკვე გამოცხადებული ჰქონდა გადაწყვეტილება რესტორნების შემთხვევაში, რომელიც მათ შაბათ-კვირას ფუნქციონირების უფლებას 1 აპრილიდან მისცემდა, თუმცა, ახლა ეს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ არის. მიზეზი, რატომაც მარეგულირებლები ყოყმანებენ, ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის გავრცელების გაზრდილი მაჩვენებლებია.
ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადებით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად.