რა ჩემ მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა დაგიყენეს კანდიდატი? სირცხვილია – გვარამია ვაშაძეს

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის კომენტარს ეხმიანება. ვაშაძემ თქვა, რომ მის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ბინძური თავდასხმის ობიექტი ნიკა გვარამიასგან გახდა.

“ბატონო გიორგი ვაშაძე, რა ჩემ მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა, თან ჩემი მონაწილეობით, დაგიყენეს ისანში კანდიდატი? თან იმ ისანში, სადაც მეორე ადგილზეც ვერ გახვედით? რა მთავარი არხი გიძღვნიდათ ბინძურ სიუჟეტებს?! რას ქვია არ დაგირეკეს? პასუხზე რომ უარი თქვით, თქვენ არ იყავით?!! ეთერს რომ მათხოვრობდით წინასაარჩევნოდ და ახლა ვერ მოგიყვანეთ სტუდიაში, თქვენ ის გიორგი ვაშაძე არ ხართ?!! უკაცრავად, რა ისტერიკა, სიგიჟე და ბინძური ტყუილია?!! მობრძანდით დღეს ეთერში და მომიყევით მეც და მაყურებელსაც ვის და რაში ადანაშაულებთ?!! ძალიან სირცხვილია”,– წერს გვარამია ვაშაძეზე.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ “ბინძური თავდასხმის” ობიექტი წინასაარჩევნოდაც არაერთხელ გახდა.

“სწორედ ის ძალები, რომლებიც ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, წინასაარჩევნოდ, სწორედ ამ ძალებმა, მათ შორის, ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა დაარღვიეს ოპოზიციური შეთანხმება, მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის დიდი პროცესი, რასაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა”, – თქვა ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 3 პარტიიდან 7 ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას აპირებს, მათ შორის, გიორგი ვაშაძე.