რეანიმატოლოგი ადასტურებს, რომ მედდის კომაში ჩავარდნის დროს კლინიკაში არ იმყოფებოდა

ახალციხის კლინიკის რეანემატოლოგი, სადაც 27 წლის მედდა გარდაიცვალა, ამბობს, რომ ანაფილაქსიური შოკის დროს კლინიკაში არ იმყოფებოდა.

მისი განმარტებით, პროტოკოლით აცრაზე მისი დასწრება სავალდებულო არ არის.

“იმ მომენტში ნამდვილად არ ვიყავი ადგილზე. გასული ვიყავი კლინიკიდან. პროტოკოლი არც ითვალისწინებს, რომ რეანიმატოლოგი ესწრებოდეს აცრებს. ვაპირებდი შეხვედრაზე მისვლას გუბერნიაში, თუმცა არის ისეთი ინფორმაცია გავრცელებული, რომ თითქოს უკვე შესული ვიყავი, ვესწრებოდი შეხვედრას. მე მანქანა არც გამიჩერებია, მისულიც არ ვიყავი, ისე მოვატრიალე მანქანა, როგორც კი ზარი შემოვიდა, წამოვედი ეგრევე. ჩემს აქ მოსვლას დაახლოებით დასჭირდა 2 წუთი. მოსვლის შემდეგ იყო კრიტიკული მდგომარეობა,” – განაცხადა ახალციხის კლინიკა “იმედის” რეანიმატოლოგმა გიორგი აფციაურმა რუსთავი 2–თან საუბრისას.

გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახი ითხოვს, საგამოძიებო უწყებებმა შეისწავლონ, დაგვიანდა თუ არა მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძემ “ასტრაზენეკას” ვაქცინა ახალციხეში, კლინიკა “იმედში” გაიკეთა, რის შემდეგაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის თბილისში გადამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.