როგორც კი დადასტურდა გარდაცვალების ფაქტი, შევატყობინეთ მათი ოჯახის წევრებს – მინისტრი ციხის ხანძარზე

“როგორც კი დადასტურდა გარდაცვალების ფაქტი, შევატყობინეთ მათი ოჯახის წევრებს”- აცხადებს, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე რუსთავის ციხეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. მინისტრის განცხადებას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

“ჩვენ დადგენილი წესის შესაბამისად, როგორც კი დადასტურდა აღნიშნული პირების გარდაცვალების ფაქტი შევატყობინეთ მათი ოჯახის წევრებს. ეს არის დადგენილი ფაქტი. გუშინვე ძალიან მალე გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შემდეგ

გუშინ მთელი საღამოს განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, ასევე ციხის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება არ იყო, შეგნებულად, სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე. შემდეგ ეტაპ-ეტაპ დაიწყო ელექტროენერგიის აღდგენა. ჩვენ თავიდან ბოლომდე დაკავებული ვიყავით თითოეული პატიმრის უსაფრთხოებით. ამ დროს მეც პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე, სადაც ვითარებას ციხის ადმინისტრაციასთან ერთად ვაკვირდებოდი. ჩვენ მთელი გუშინდელი საღამო მოცული ვიყავით იმით, რომ არც ერთი პატიმარი არ ყოფილიყო დაშავებული, ციხეში ყოფილიყო სიმშვიდე და ამ შედეგს მივაღწიეთ.

მე როგორც იუსტიციის მინისტრი პირადად ვარ დაინტერესებული რომ დადგინდეს სიმართლე და დარწმუნებული იყავით ჩვენგან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება გამოძიებას, იმისთვის, რომ საზოგადოებამ და პირველ რიგში, მისმა ოჯახის წევრებმა გაიგონ სიმართლე”, – ამბობს რატი ბრეგაძე.