როგორც კუმ გაატანა მორიელი მდინარეს, ისე უნდა გავატანოთ ისტორიას „ქართული ოცნება“, რომელიც დღესაც არ იშლის თავის ზნეს, ძალადობით მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსითა და სხვა ხრიკებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განუცხადა.
„არ იშლის „ქართული ოცნება“ თავის ზნეს, ეს არის ძალადობა, მოსყიდვა, ცემა-ტყეპა. გუშინ საშინლად სცემეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი. იცით ხომ კუ და მორიელი? მორიელი არ იშლის თავის ზნეს, კბენს და კბენს კუს. მაგრამ კუ ეუბნება, მე ჩემი ზნე მაქვსო, წყალში ჩაყვინთავს და გაატანს მორიელს მდინარეს. ასე უნდა გავატანოთ ისტორიას „ქართული ოცნება“, რომელიც დღესაც არ იშლის თავის ზნეს, ძალადობით მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსითა და სხვა ხრიკებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. მაგრამ მათი უზნეობის მწვერვალი არის კარტოგრაფების საქმე. უდანაშაულო ადამიანების გაწირვა მათი პოლიტიკური მიზნებისათვის. ვერ გათვალა რუსეთმა, ეგონა, რომ კვლავ დადგამდა ისეთ სცენებს, როგორიც იყო „ცოცხების სცენები“ და მრავალი სხვა, მაგრამ მიიღებს ძალიან მძიმე უკუშედეგს, ვინაიდან ეს იყო მორალური შეურაცხყოფა მთელი ერისა. პატიოსანი მეცნიერების გაწირვა მათი საარჩევნო მიზნებისათვის. ასე რომ, ყოველისშემძლე არ არის რუსეთის აგენტურა. რუსეთის ეს აქცია „ქართული ოცნების“ დასახმარებლად მათი აგენტების მიერ ჩატარებული იქნება ერთ-ერთი ფაქტორი „ქართული ოცნების“ დასამარების. ხალხი არის ამ მეცნიერების მხარეზე და ყველამ იცის, რომ ეს უდანაშულო ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით სხედან საპატიმროში“, – აღნიშნა გოცირიძემ.