როგორ ეხმარებიან პარტიზანული მოძრაობები უკრაინელ სამხედროებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პარტიზანული ჯგუფები მოქმედებენ.

მისი ცნობით, ისინი უკრაინელ სამხედროებს მტრის განადგურებაში ეხმარებიან.

“ჩვენ რუსეთთან 8 წელია ომში ვართ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე პარტიზანული მოძრაობაა. ახლა პოპულარული გახდა გამოთქმა ” პარტიზანული მოძრაობა” ან ” წინააღმდეგობის მოძრაობა”. სხვადასხვა სახელებია, მაგრამ შედეგი ერთია – ესენი ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩნენ სახელმწიფოს ერთგულები და ყველანაირად ხელს უწყობენ ოკუპანტების ძალაუფლების დამხობას.

მათი წყალობით მრავალჯერ ეფექტურად განადგურდა მტერი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დაწყებული არტილერიისა და ავიაციის [ცეცხლის] კორექტირებით, დამთავრებული მტრების ლიკვიდაციის სპეცოპერაციებით”,– აცხადებს ბუდანოვი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.