“როგორ წავიდე რუსეთიდან“– Google–ის საძიებო სისტემაში ამ ფრაზის პოპულარობამ პიკს მიაღწია

“როგორ წავიდე რუსეთიდან“– ამ ფრაზის პოპულარობა გუგლის საძიებო სისტემაში უცებ მკვეთრად გაიზარდა.

Google Trends–ის მონაცემებით, ამ ფრაზით ძებნის მოთხოვნამ 100 ბალი მიიღო, რაც მისი პოპულარობის უმაღლეს დონეს ნიშნავს.

ბოლოს ეს ფრაზა ასეთი პოპულარული რუსეთის უკრაინაში ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ, თებერვალში იყო.

დღეს კი ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა რუსეთის რეგიონების უმრავლესობაში, განსაკუთრებით ტულის ოლქში(მოსკოვის ოლქის სამხრეთით, ცენტრალური ფედერალური ოლქი) და კარელიის რესპუბლიკაში(ფინეთის საზღვართან).

აღსანიშნავია, რომ გუგლის საძიებო სისტემაში ასევე პოპულარობის პიკზეა ფრაზები “არმიიდან თავის დაღწევა“, “სად შეიძლება წახვიდე რუსეთიდან უვიზოდ“, “როგორ შეიძლება წახვიდე რუსეთიდან უცხოეთის პასპორტის გარეშე“, “როგორ შეიძლება წახვიდე რუსეთიდან ფულის გარეშე“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლითაც ტყვედ ჩაბარებისთვის სამხედრო მოსამსახურეს 10 წლიანი პატიმრობა ელის. ასევე კანონში შემოიღეს ტერმინები “მობილიზაცია“, “სამხედრო მდგომარეობა“, “საომარი დრო.“

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავს. თუმცა, პუტინის დაანონსებული გამოსვლა გადაიდო. საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას უარყოფენ რუსეთის სახელმწიფო დუმაში.

სხვადასხვა მედიასაშუალებები წერენ, რომ 18–55 წლის მამაკაცებს შესაძლოა რუსეთიდან გასვლა აეკრძალოთ.