საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 18 იანვარს სასწავლო პროცესი სრულად დისტანციური დაიწყება 10 ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი.
გარდა ამისა, სწავლა დისტანციურ ფორმატში დაიწყება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებსა და სოფლებს, სწავლა 18 იანვრიდან ისევ სკოლებში განახლდება.
“ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ”,– აცხადებს მინისტრის მოადგილე.
ეკატერინე დგებუაძის ინფორმაციით, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან — სილქნეტთან, მაგთიკომთან და შპს ბილაინთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ.
მისივე თქმით, სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ტელესკოლის მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 09:00 საათიდან განახლდება.