“რომც გადარჩეს ინვალიდი იქნება“–შოიგუ რეანიმაციაში, რეპრესიები რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ მძიმე ინფარქტის შედეგად რეანიმაციაშია. ამის შესახებ რუსული ნავთობკომპანია “იუკოსის“ ერთ–ერთი ყოფილი ხელმძღვანელი, ლეონიდ ნევზლინი ფეისბუქზე წერს.

ბიზნესმენის წყაროების ინფორმაციით,  რომელიც იძულებული გახდა რუსეთიდან ემიგრაციაში წასულიყო, სერგეი შოიგუ “თამაშიდან გავარდა“ და რეანიმაციაში მოხვდა გულის ძლიერი შეტევის შედეგად. მისი თქმით, შოიგუ რომც გადარჩეს ინვალიდი დარჩება.

ნევზლინი წერს, რომ შოიგუ აპარატზეა შეერთებული და არ არის გამორიცხული, გულის შეტევა ბუნებრივი მიზეზებით არ ყოფილიყო გამოწვეული. რუსეთში გრძელდება მასობრივი რეპრესიები სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ – სამართალდამცველებმა თავდაცვის სამინისტროს 20 საშტაბო გენერალი დააპატიმრეს, რომლებსაც იმ თანხების მოპარვაში ადანაშაულებენ, რომლითაც უკრაინის ხელმძღვანელობა და მოსახლეობა “რუსეთის ფედერაციის გამათავისუფლებელი არმიისთვის საზეიმოდ დასახვედრად უნდა მოემზადებინათ“.

ნევზლინის წყაროები ამბობენ, რომ 2014 წლიდან მაღალჩინოსანმა სამხედროებმა 10 მილიარდ დოლარზე მეტი მოიპარეს იმ თანხიდან, რომელიც პუტინმა უკრაინაში ბლიცკრიგის მოსამზადებლად გამოყო.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ რეპრესიებში მოხვდა პუტინის ექს მრჩეველი, “როსსელხოზბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი მეთაური არკადი დვორკოვიჩი, რომლისგანაც ძალოვანები ჩვენებებს ელიან კოლეგების და მეგობრების წინააღმდეგ.

“ფეესბეს წყაროები ამბობენ, რომ თუ ის გამოძიებასთან გარიგებაში არ შევა, იზოლატორში გადაიყვანენ. სურკოვი შინაპატიმრობაშია. ისიც ფულის მოპარვაშია ეჭვმიტანილი, რომელიც ომზე გამოიყო. ეს იგივე საქმეა, რომლითაც 20 გენერალია დაჭერილი“ – დასძენს ნევზლინი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ტოპ ძალოვნების წინააღმდეგ მაშტაბური რეპრესიები მიმდინარეობს. “ფეესბე“–ს მეხუთე განყოფილების უფროსი, სერგეი ბესედა, რომელიც უკრაინის მიმართულებაზე იყო პასუხისმგებელი, ლეფორტოვოს იზოლატორში გადაიყვანეს.

Bellingcat–ის გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით რეპრესიები შეეხო გამოძიების ფედერალური სამსახურის კიდევ 150 თანამშრომელს, რომლებიც რუსეთის შეჭრამდე უკრაინას კურირებდნენ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინის ყოფილი მრჩეველი, ვლადისლავ სურკოვი თანხების დატაცების ბრალდებით შინაპატიმრობაშია.