ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ეხმიანება დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის გადადგომას. თანამდებობის დატოვების მიზეზი ის გახდა, რომ მან თანამშრომელს აკოცა, რითაც სოციალური დისტანციის შეზღუდვა დაარღვია.
გოცირიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ხალხს ეუბნება, “გინდ გიკოცნიათ და გინდ კომენდანტის საათი დაგირღვევიათ, მაინც არაფერი გემუქრებათო”
“245 ათას ადამიანს ჩამოაწერეს ჯარიმა წინასაარჩევნოდ. ივანიშვილს მაინც გადაეხადა, ცოტა ფული მაინც შევიდოდა ბიუჯეტში. რომ გადაევადებინათ ამ უფულობაში, კიდევ შეიძლება გაგებით მოკიდებოდა ის ათასობით კანონმორჩილი მოქალაქე (მთავრობის წარმოდგენით, ბრიყვები), რომლებმაც უკვე გადაიხადეს ჯარიმები”,– წერს გოცირიძე.
მისი თქმით, საქართველო შეზღუდვების დაწესებას ვერ აცდება, ჯარიმების გარეშე კი ეს “უაზრობაა”.
“ქვეყნის მოსახლების 97,6 პროცენტი არაა აცრილი. 4 მილიონი ცალი ვაქცინის შემოტანის შესახებ მთავრობის ბაქი-ბუქის არავის სჯერა. მთავრობის უუნარობის გამო დიდი ალბათობით ქვეყანას ვერ ასცდება ამა თუ იმ სიმკაცრის ხელახალი შეზღუდვები. ეს კი ჯარიმების გარეშე უაზრობაა. ჰო და, როცა ამის გაკეთება მოუწევთ, რას იტყვიან, ფორმალურად გაჯარიმებთ, მერე მაინც ჩამოგაწერთო? თუ ის ჩამოწერა ბოლო პატიება იყო და მორჩაო? აბსურდია! ასეთი ხელისუფლება საფრთხეა ქვეყნისთვის, კრიზისების დროს კი ორმაგი საფრთხე”,– აცხადებს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველა ადამიანს, ვინც კოვიდრეგულაციების გამო დაჯარიმდა, ჯარიმა ჩამოაწეროს. ასევე, ისინი გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული დევნისგან.