უკრაინელმა ოფიცერმა ტელეკომპანია “Настоящее время”–ს ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ ბახმუტის ტერიტორიის მესამედზე მეტი დაიპყრო და ქალაქში შექმნილი ვითარება არის “ობიექტურად რთული”.
“მტერმა ნაწილობრივ დაიკავა ქალაქი: ინდუსტრიული ზონა და კერძო სექტორი მდინარის გასწვრივ. ის ნამდვილად ახერხებს ფრონტის მცირე მონაკვეთების გარღვევას და ჩვენს პოზიციებთან მიახლოებას. ახლა ქალაქი მუდმივად, სისტემატურად არის მტრის ნაღმტყორცნების ცეცხლის ქვეშ”, – განაცხადა უკრაინის ერთ–ერთი ქვედანაყოფის მეთაურმა, დენის იაროსლავსკიმ.
მდინარე ბახმუტკა ბახმუტს ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს. აღმოსავლეთი ძირითადად კერძო სახლებისგან შედგება, მის ჩრდილოეთ კიდესთან კი სამრეწველო ზონაა. ამ რაიონებში ბრძოლები უკვე რამდენიმე თვეა, მუდმივად მიმდინარეობს.
ქალაქის ნაწილი ბახმუტკის დასავლეთით შესამჩნევად დიდია და ცენტრიც იქ მდებარეობს. მაგალითად, ბახმუტის საკრებულოს შენობა მდინარის დასავლეთით დაახლოებით ექვსას მეტრში მდებარეობს.
დენის იაროსლავსკის თქმით, რუსებმა ცეცხლის ქვეშ მოაქციეს უკრაინის ზურგიდან ბახმუტისკენ მიმავალი ორი მთავარი გზა და ცდილობენ მთლიანად გადაჭრან ქალაქის მიწოდების გზები.
ოფიცერმა ასევე დაადასტურა, რომ ახლა ბახმუტს შტურმით არა ვაგნერის დაჯგუფების მებრძოლები, არამედ რეგულარული ქვედანაყოფები უტევენ.
“ისინი საუბრობენ პროფესიონალურ სამხედრო ენაზე. ეს არის ნამდვილად ყველა კრიტერიუმი და ქმედება, რომელიც ადასტურებს, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის რეგულარული არმია. დიახ, ის გაწვრთნილია – ეს არ შეიძლება სათანადოდ არ შეფასდეს”, – განაცხადა ოფიცერმა.
“თუნდაც ეს იყვნენ მობილიზებულნი იყვნენ, ისინი უკვე გაწვრთნილები არიან და რეგულარულ არმიასთან შეზავებული – ჰაერში თვალებით მუშაობენ ისევე, როგორც ჩვენ. ისინი მუშაობენ დრონებით, სისტემატიურად ასკანირებენ ყველა ტერიტორიას. ისინი სწავლობენ. უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგე სწავლობს, რთული მოწინააღმდეგეა და ადვილი გასეირნება აქ არ იქნება.”, – ამბობს იაროსლავსკი.