რუსებმა რუბეჟნოესთან აზოტის მჟავის ავზი ააფეთქეს, კვამლი მათკენ წავიდა – გაიდაი

ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ ქალაქ რუბეჟნოეს სიახლოვეს რუსულმა ძალებმა აზოტის მჟავის ავზს ცეცხლი გაუხსნეს.

მისი თქმით, აფეთქება საფრთხეს არ წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

”იყო აზოტის მჟავის ნარჩენები – დაახლოებით სამი ტონა. ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან ავზის გარშემო დარტყმის ზონა 550 მეტრზე მეტი არ არის. მადლობა ღმერთს, ამდენი მჟავა არ იყო დარჩენილი”,– თქვა გაიდამ CNN-ის ცნობით.

მისივე განცხადებით, აფეთქებისგან გამოწვეული კვამლი რუსეთის პოზიციების მიდამოში გავრცელდა.

“მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რუსებმა ბრძოლა არ იციან – ქარის მიმართულებაც კი არ გამოთვალეს. ღრუბელი მათი პოზიციებისკენ გავრცელდა კუდრიაშოვკასა და ვარვაროვკას მახლობლად”, – აღნიშნა გაიდაიმ.