რუსებს დონბასში ლოკალური წარმატებები აქვთ, უკრაინა კონტროლს ინარჩუნებს – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, რუსეთმა გაზარდა თავისი ოპერაციების ინტენსივობა დონბასში, ცდილობს ალყაში მოექციოს სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი და რუბიჟნოე – ამჟამად ამ ოპერაციის ჩრდილოეთ და სამხრეთ ღერძი გამოყოფილია დაახლოებით 25 კმ-იანი უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიით.

დაზვერვის ცნობით, უკრაინელებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს და თავდაცვითი პოზიციები დაიკავეს.

“როგორც ჩანს, უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაცია ინარჩუნებს ეფექტურ ხელმძღვანელობას და კონტროლს ამ ფრონტზე. თუმცა, რუსეთმა მიაღწია გარკვეულ ლოკალურ წარმატებებს, ნაწილობრივ საარტილერიო დანაყოფების კონცენტრაციის გამო”,– იუწყება დაზვერვა.

მათივე განმარტებით, რუსეთის მიერ სევეროდონეცკის “ჯიბის” ხელში ჩაგდება გამოიწვევს მთელი ლუგანსკის ოლქის ოკუპაციას.

“მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ არის რუსეთის მთავარი ძალისხმევა, ეს ოპერაცია დონბასის დასაპყრობად რუსული კამპანიის მხოლოდ ნაწილია. 

თუ დონბასში ფრონტის ხაზი უფრო დასავლეთისკენ გადავა, ის გააფართოებს რუსეთის საკომუნიკაციო ხაზებს და, სავარაუდოდ, მის ძალებს ლოჯისტიკური მომარაგების შემდგომი სირთულეები შეექმნება”,– ვკითხულობთ ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში.