“რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ ქართულ კომპანიებს, შესაძლოა, სანქციები დაემუქროთ ” – ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა განაცხადა. პატელმა ასევე აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როცა მთელი დასავლეთი ემიჯნება რუსეთს, “ახლა არაა დრო, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გაზარდოს კავშირები რუსეთთან”.
“ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ უკრძალავენ რუსულ თვითმფრინავებს მათ საჰაერო სივრცეში შესვლას. თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვიქნებით, რომ საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტის და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარებიან.
მთელი დასავლური საზოგადოება გაემიჯნა რუსულ რეჟიმს და ახლა არაა დრო, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გაზარდოს კავშირები რუსეთთან.
ქართველი ხალხი, სავარაუდოდ, ამჯობინებდა, პუტინს გაეყვანა რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიების 20%-დან, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ვიდრე ენახა პირდაპირი ფრენების აღდგენა ან ვიზის რეჟიმის ცვლილება.” – განაცხადა პატელმა.