“რუსეთის აგენტია, საქართველოს მთავრობა იყიდა” – ივანიშვილი უკრაინის სანქციების პორტალზე გამოჩნდა

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების პორტალზეა. პორტალი,  “ომი და სანქციები” უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა შექმნილი. უკვე სანქცირებული პირებისა და კომპანიების პარალელურად, პორტალზე იმ ადამიანთა მონაცემებიცაა ატვირთული, რომლებიც სანქცირების კანდიდატებად განიხილებიან. როგორც ცნობილია, 2 კვრიის წინ ამ სიაში მოხვდა ოლიგარქი ივანიშვილიც.  გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ის ლობირებს ბიზნესმენ ევტუშენკოვის ინტერესებს სანქციების გვერდის ასავლელად, ასევე აქვს კავშირი რეჟიმთან, რომელიც უკრაინაში გენოციდსა და სხვადასხვა დანაშაულებს სჩადის.

პორტალზე წერია, რომ მიზეზი სანქციების დაწესების არის:

”ბიძინა ივანიშვილი არის ე.წ. „საქართველოს არაფორმალური მმართველი“, რომელიც აკონტროლებს საქართველოს მთავრობას (სხვადასხვა დროს სასამართლოში მოხსენიებულია ბიძინა ივანიშვილის ინტერესების ოფიციალური წარმომადგენლები – ირაკლი ღარიბაშვილი (პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი), ირაკლი ქარსელაძე (მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი). რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის), გიორგი ბაჩიაშვილი (საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე) და საქართველოს სხვა ოფიციალური პირები). მას აქვს მჭიდრო კავშირი რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან, ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის – ვლადიმერ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლით, საქმიანი ინტერესები აქვს პეტერბურგის გუბერნატორ გეორგი პოლტავჩენკოსთან. 2011 წლის 31 აგვისტოდან 2018 წლის 03 ოქტომბრამდე, რომელიც იმყოფება აშშ-ს სანქციების ქვეშ და ანა კუვიჩკო – სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი 2016 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 12 ოქტომბრამდე), და რეჟიმი, რომელიც ამზადებდა და აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ეწინააღმდეგება გაეროს ნორმატიულ დოკუმენტებს, რომლის ფარგლებშიც ხდება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ხდება უკრაინელი ხალხის გენოციდი. ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას”.

ინიციატივა უკრაინაის რადას დეპუტატ ოლექსეი გონჩარენკოს ეკუთვნის.

  • “მე მივმართე უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს, რომ ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციათა სიაში მოხვდეს, რადგან ივანიშვილი რუსეთის აგენტია, რომელსაც რუსეთის ბრძანებით საქართველოში ძალაუფლება აქვს ხელში აღებული. მან საქართველოს მთავრობა იყიდა, მას ნაბიჯ ნაბიჯ მიჰყავს საქართველო რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ და გადაჰყავს საქართველო რუსულ ორბიტაზე. ამას ყოველ დღე სხვადასხვა ქმედებებით ავლენს. ეს უქმნის საფრთხეს როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინას, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ცივილიზებულ სამყაროში”, – ამბობს გონჩარენკო.

პორტალი „ომი და სანქციები“ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა შექმნილი. ის შეიცავს ინფორმაციას ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანქცირებული პირების შესახებ.

  • პორტალის მთავარი მიზანი – უცხო ქვეყნების მთავრობების და მოქალაქეების ინფორმირებაა უკვე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გლობალური კამპანიის მიმართ სანქციების სიის გაფართოებასთან დაკავშირებით იმ პირთა მიმართ, ვინც ომს ფინანსურ და საინფორმაციო მხარდაჭერას უცხადებს. ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეკონომიკურ ზეწოლას ომის თანაორგანიზატორებზე და მოაახლოებს უკრაინის გამარჯვებას“, ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პორტალის წესების მიხედვით, ელექტრონულ მისამართზე მონაცემების გაგზავნა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირსაც. „საიტის მეშვეობით ნებისმიერს შეუძლია მოითხოვოს სანქციების დაწესება მათთვის, ვინც ამას იმსახურებს“. პორტალის შემქმნელები ეყრდნობიან უკრაინის ანტიკორუფციულ კანონმდებლობას და მომხმარებლებისთვის განმარტავენ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს მათ მიერ გამოქვეყნებულ სიაში.