ვაგნერის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის განცხადებიდან ნახევარ დღეში ბახმუტის სრული აღების შესახებ, რუსეთის სამხედრო უწყებამაც მსგავსი განცხადება გააკეთა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ტელეგრამის არხზე დაწერეს, რომ ქალაქი აიღეს “ვაგნერის რაზმების შეტევითი მოქმედებების შედეგად, სამხრეთ ძალების ჯგუფის არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით”.
ცოტა ხნის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო უწყებებმა, კრემლზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა “მიულოცა ვაგნერელებს და რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებს არტემოვსკის გათავისუფლება” (როგორც რუსეთის ხელისუფლება უწოდებს ბახმუტს). კრემლმა პირობა დადო, რომ სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენს მათ, ვინც “თავი გამოიჩინა,“ იტყობინება TASS. კრემლის ვებგვერდზე პრეზიდენტის მილოცვისა და ჯილდოების დაპირების შესახებ შეტყობინება არ არის.
უკრაინელი სამხედროები და ოფიციალური პირები ბახმუტის დაკავებას გუშინ არ ადასტურებდნენ. „ჩვენი ქვედანაყოფები აგრძელებენ ბრძოლას ბახმუტში“, განუცხადა Reuters-ს გუშინ ნაშუადღევს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ ბახმუტში ვითარება კრიტიკულია, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ზოგიერთ ობიექტს აკონტროლებენ. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა კი ბახმუტის დაკავების შესახებ განცხადებები, კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკის საუდის არაბეთში ვიზიტებისა და იაპონიაში G7 სამიტის შესახებ საინფორმაციო ფონის გადაფარვის მცდელობებს დაუკავშირა.